პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის მაისი – 64,745 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანების​ ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც.

„პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი-მაისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502,323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 74%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 66%-ით მეტია.

2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.