საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 82.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.0%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5%-ს შეადგენდა. 2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.50 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0.8%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 85.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 998.3 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.