გალთ & თაგარტის 1–7 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 9.6%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-19 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

გალთ & თაგარტის თანახმად რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს).

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 2 ივლისს 3.5 წლიანი 40 მლნ ლარის (14.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ცნობისთვის, მოთხოვნა 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 1.047პპ-ით გაიზარდა და 9.166% შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 2 ივლისს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.1 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.084პპ-ით შემცირდა და 7.904% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 9 ივლისს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.