სპეციალისტები და ფეროშენადნობების დარგში მოღვაწე ბიზნესმენები ვთანხმდებით იმაზე, რომ სანამ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დასრულდება, ეს დარგი მთლიანად მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში არ გამოცოცხლდება, - ამის შესახებ ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წითელი ზღვის კრიზისმა ხელი შეუწყო ქართველ ბიზნესმენებს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა წარმოუდგენელი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.

"თქმა იმისა, რომ კრიზისი დაიძლია ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა დარგში ოდნავ პოზიტიური ტენდენცია ჩანს. მაგალითად, იმ 4 საწარმოს, რომელიც დღემდე მუშაობდა დასავლეთ საქართველოში, კიდევ რამდენიმე მცირე საწარმო დაემატა. საქმე ისაა, რომ წითელ ზღვაში გამოწვეულმა კრიზისმა ლოგისტიკის ფასი ძალიან გაზარდა. ჩვენს კონკურენტ ინდოელებს გაუძვირდათ ლოგისტიკის ფასი და შესაბამისად, პროდუქციაზე ფასი გაიზარდა. ამან საშუალება მოგვცა ჩაგვენაცვლებინა თურქეთის ბაზარზე ჩვენი კონკურენტები. უკრაინაში როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები, მშვიდობის პირობებში მეტალზე მოთხოვნა გაიზრდება დაა შესაბამისად, ფეროშენადნობებზე.

მეორე პრობლემა რაც ამას შეიძლება დაერთოს პროფესიონალი კადრების გადინებაა. შეიძლება ბიზნესმენს საწარმოს განახლება მოუნდეს, თუმცა თანამშრომელი აღარ იყოს. დარგში მომუშავე ბიზნესმენები ყველაფერს აკეთებენ, რომ კადრებიც შეინარჩუნონ და საწარმოც გადაარჩინონ. ასეთი გრძელვადიანი კრიზისი დარგს არ ახსოვს. ყველაფერი ოდესღაც სრულდება და იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე დასრულდება", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი. 

BP.GE