თვითრეალიზაცია იწყება იმ წუთიდან, როცა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობების დაჯერებას იწყებს. ნინო თოდაძე, სოფელ ქვემო ახალსოფლიდან, სწორედ ასეთ ქალებს შორისაა - ქალი, რომელმაც მიღებული ცოდნა წარმატებად აქცია, შექმნა საკუთარი საქმე და სხვებისთვის შთაგონების მაგალითად იქცა.
ნინო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის მონაწილეა, რომელიც პროკრედიტ ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიისა და დანიის მთავრობების ჩართულობით და “ფონდი ტასოს“ ორგანიზებით განხორციელდა.
სესიებში 200 ქალი ჩაერთო, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და იდეეების რეალურ საქმიანობად გადაქცევა ისწავლეს. პროექტის 80 მონაწილეს გადაეცა გრანტი, საკუთარი საქმინობის წამოსაწყებად.
ნინოს ბოლო რამდენიმე წელია საკუთარი სილამაზის სალონის განვითარება აფიქრებდა - სამუშაო სივრცე უკვე ჰქონდა, მაგრამ საჭირო ინვენტარი აკლდა. სწორედ ამ დროს მეგობრისგან გაიგო პროექტის შესახებ, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ტრენინგების გავლის შემდეგ საგრანტო დაფინანსება მიეღოთ.
„როგორც კი გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ, თავიდანვე მჯეროდა, რომ ჩემი მცდელობა შედეგიანი იქნებოდა. პროეტში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო - ჩვენი სათემო მუშაკი ყველა ეტაპზე გვერდში მედგა; წყალტუბოში ვიარე ტრენინგებზე. მივიღე ახალი ცოდნა, ინფორმაცია და საბოლოოდ დაფინანსებაც მოვიპოვე,“ - იხსენებს ნინო.
პროექტის მხარდაჭერით ნინომ შეძლო სალონისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მიღებული გამოცდილება არანაკლებ ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მატერიალური მხარდაჭერა.
„დავინახე, რომ მარტო არ ვარ - ჩვენ, მონაწილე ქალები ერთ დიდი ძალად ვიქეცით. ბევრი ქალი გავეცანი სხვადასხვა კუთხიდან - ერთმანეთს ჩვენი ისტორიები გავუზიარეთ, დავმეგობრდით და დღემდე გვაქვს ურთიერთობა. შემართება, ძალა და ინსპირაცია გადამდებია, და მიხარია რომ მეც ამ დიდი, ძლიერი ტალღის ნაწილი გავხდი.“
ნინო უკვე ხუთი წელია სალონის საქმეს უძღვება. რამდენიმე წლის წინ, სამი შვილის დედა დადგა ამოცანის წინაშე: ფინანსურად დაეჭირა მხარი შვილებისთვის ისე, რომ მათ ფიზიკურად არ დაშორებულიყო. ოქროს შუალედი ნინოს ნიჭის ადგილზე რეალიზაცია - სალონის გახსნა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბავშვობიდან ეხერხებოდა სტილისტის ხელსაქმე, ბიზნესის წამოწყებამდე ნინომ პროფესიული განათლებაც მიიღო და შესაბამისი კურსი გაიარა. სამომავლოდ მას კიდევ აქვს სწავლასა და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები, რომ სალონი გაზარდოს და თანამედროვე სრტანდარტებს მოარგოს.
მისი სიტყვები ბევრი ქალისთვის შეიძლება გზის მაჩვენებელი გახდეს:
„მინდა ყველა ქალმა, ვინც ჯერ ვერ იპოვა საკუთარი თავი, იცოდეს - ყველაფერი წინაა. უბრალოდ უნდა გჯეროდეს, რომ ფიქრების, ოცნებების რეალიზაცია შესაძლებელია.”














