ერთი წლის განმავლობაში საშუალო ფასი ერთეულ იმპორტირებულ ავტომობილზე 46%-ით გაიზარდა - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასის ასეთი მატება არის ნაწილობრივ ინფლაციის, ნაწილობრივ რეცესიის, ნაწილობრივ ლოგისტიკური ხარჯების ზრდის და იმ პრობლემების გავლენა, რაც ამ სფეროში წარმოიქმნა. ამასთან, როგორც ნონიაძემ აღნიშნა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოსტპანდემიური პერიოდია, რაც ასევე გავლენას ახდენდა ბაზარზე.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკურ მონაცემებზე.

„ბოლო 10 წელიწადია, ფაქტობრივად, პირველ სამეულში ვართ როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. იმპორტის მიმართულებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 683 მლნ-ით მეტი ვივაჭრეთ, ექსპორტის მიმართულებით კი - 447 მლნ-ით მეტი.

თუმცა, სრული სურათის დასანახად, თუ რა მდგომარეობაა დარგში, არაა საკმარისი მხოლოდ ვაჭრობის მოცულობა თანხობრივ გამოხატულებაში. მნიშვნელოვანია ვნახოთ, ქვეყანაში რამდენი ერთეული ავტომობილი შემოვიდა და გავიდა.

გასულ წელს წლიურ ჭრილში, ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა თანხობრივ ნაწილში, თუმცა შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა 18%-ით. თანხობრივ ნაწილში უფრო მეტი გვაქვს ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც გითხარით, საშუალოდ 46%-ით არის გაზრდილი ფასები ავტომობილზე. რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა ნონიაძემ.

BPN.GE