„ფეროშენადნობის ბაზარზე ფასების და სიმძლავრეების შემცირების მიზეზი ინდური კომპანიის სახით ახალი კონკურენტების გამოჩენაა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თრეიდინგ სოლუშენსის“ თანადამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინდური კომპანიები იმ ბაზარზე შემოვიდნენ, სადაც ქართულ კომპანიებს ჰქონდათ ფეხი მოკიდებული. ეს ბაზრებია - თურქეთი და ევროპა, ახალი კონკურენტების გამოჩენას კი თავისი მიზეზები აქვს.

„ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ინდოეთში სახელმწიფომ დოტაცია გაუწია თავის ფეროშენადნობთა სექტორს და პრაქტიკულად უფასოდ აძლევდა ამ პერიოდში მათ დენს. ეს ბოლო 3 თვეა ეს ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა. იანვრის თვიდან მოყოლებული ინდური კომპანიები დოტაციას აღარ იღებენ, ამას თან დაერთო ის ფაქტორიც, რომ წითელ ზღვაში სრუტის გავლით ვერ ხდება ინდური ფეროშენადნობების ევროპულ და თურქულ ბაზრებზე მოხვედრა, ეს გახლავთ ჩვენი ფეროშენადნობებს ძირითადი არეალი, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ სახელმწიფომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და კომპანიებს მისცა იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სახელისუფლებო უწყებებმა გააკეთეს, თუმცაღა, თუ არ მოხდება იაფ დენზე ამ კომპანიებისთვის ხელმისაწვდომობის გახსნა და ეს არ გაგრძელდება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ჩვენ მაინც მოგვიწევს კონკურენციაში შესვლა, მათ შორის აფრიკის ქვეყნებთან, რიგ აფრიკის ქვეყნებში ახლახან გაიხსნა საწარმოები , რადგან უკრაინული საწარმოები დაიხურა და ბიზნესმა ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ იქ საწარმოები გაეხსნა“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

მისი თქმით, ფეროშენადნობის ბაზარზე ფასების და სიმძლავრეების შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ სექტორს ციკლურობა ახასიათებს და სექტორში ტურბულენცია არ შეინიშნება.

„ეს არ გახლავთ რაიმე ტურბულენცია სექტორში. მე ამ დარგში 10 წელზე მეტია ვარ და ეს დარგი, ისევე როგორც ბევრი სხვა დარგი ხასიათდება ერთგვარი ციკლურობით, რომელიც 5-6 წელს მოიცავს, 5-6 წელიწადში ადის ხოლმე პიკურ ნიშნულზე და მერე ჩამოდის მინიმალურზე. დღეს გვაქვს ის მდგომარეობა, როცა მინიმალურ ნიშნულზეა ფასები ჩამოსული. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა „ჯორჯიან მარგანეცი“, რომელიც ფლაგმანია ამ დარგში, რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად 25-30%-ზე დაიყვანა თავისი საწარმოს სიმძლავრეები. მე მაშინ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. ეს არის ჩვეულებრივი ციკლური პროცესი“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.

მისი თქმით, დაკარგული ბაზრის ერთ დღეში დაბრუნება ვერ ხერხდება.  ეს ეხება მეტალურგიას და განსაკუთრებით მძიმე მრეწველობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ერთი ფაქტორი. დაკარგული ბაზრის ერთ დღეში დაბრუნება ვერ ხერხდება. ეს ეხება მეტალურგიას და განსაკუთრებით მძიმე მრეწველობას. შესაბამისად, მძიმე მრეწველობა, ფეროშენადნობი არ გახლავთ დარგი, სადაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი მეტი სიმძლავრის ამოქმედება. მაგალითად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ერთი ღუმლის ასამუშავებლად სრულ სიმძლავრეზე 2-3 კვირა სჭირდება და ამ 2-3 კვირის განმავლობაში ეს არის ის ხარჯი, რასაც კომპანია წევს და მისთვის ბაზრის დაკარგვა არის პრაქტიკულად ძალიან მძიმე დარტყმა“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ფეროშენადნობების ექსპორტი 180 მლნ$-დე შემცირდა, რაც წლიურად 60%-მდე კლებაა. ფეროშენადნობები ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო საქონელია საქართველოსთვის, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩანს კრიზისული მდგომარეობა. ფასები შემცირებისკენაა წასული, რის გამოც ადგილზე კომპანიებს მოუწიათ გადაეხედათ სიმძლავრეებისთვის.

commersant.ge