ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, Gazelle Finance და Visa, ეკონომიკურ ფორუმს “ქალები ბიზნესში” გამართავს.

ღონისძიებაზე, რომელიც 24 სექტემბერს ჩატარდება, სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები ამ კუთხით.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პროექტისა თუ გრანტის მეშვეობით აძლიერებენ და ეხმარებიან ქალებს ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში, მეორე მხრივ კერძო საფინანსო ინსტიტუტები ისაუბრებენ დაფინანსების სხვადასხა არხების, პროექტების შესახებ, ხოლო სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აქცენტს იმ საგრანტო თუ თანადაფინანსების პროექტებზე გააკეთებენ, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება ან სამომავლოდ იგეგმება.

დისკუსიებს წარმართავენ და საკუთარ ხედვას წარმოადგენენ “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

პანელური დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ მათს ქალაქსა თუ რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ, მიიღებენ რჩევებს უშუალოდ პირველი წყაროდან.

ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია წარმატებული ქალების მოკლე გამოსვლები Women Talks: “მარცხი = შესაძლებლობა”. ამ ნაწილში სპიკერები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ და მოყვებიან, როგორ აქციეს მარცხი ახალ გამოცდილებად. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში საკუთარი ისტორებიც გაუზიარონ აუდიტორიას.

ეკონომიკურ ფორუმს დაასრულებს ქოუჩინგის სესია - “საჯარო გამოსვლის ტექნიკები”, რომელში ჩართვაც ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/88PQ3Wgi1fLYfCPa6