საქართველოში არსებული ბიზნესები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტია. ექსპერტების შეფასებით აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: გაზრდილი ემიგრაციის მაჩვენებლითა და სხვადასხვა სექტორში არსებული დაბალი ხარისხის შრომითი სტანდარტებით, მათ შორის, დაბალი ხელფასებით.

რომ გადავხედოთ სექტორებს, სადაც 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში კადრებს ყველაზე ხშირად ეძებდნენ, PMCG-ის თანახმად ასე გამოყურება: გაყიდვების, ფინანსების, ტრანსპორტირების, დისტრიბუციისა და სხვა მიმართულებები. ამავე კვლევის მიხედვით, ბოლო 6 თვეში jobs.ge-ზე სულ 47 685 ვაკანსია, რაც გასულ წელთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ დასაქმებულებს და რის გამო უჩივიან დამსაქმებლებს. როგორც ჩვენთან საუბრისას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, ბიზნესების ნაწილი დასაქმებულებს ცუდ შრომით პირობებს სთავაზობს.

„ბიზნესის ჩივილი, რომ კადრების მოძიება უჭრით, განპირობებულია იმ ძალიან დაბალი შრომის სტანდარტებით, რომელსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ. პირველ რიგში, საუბარია ანაზღაურებაზე - არსებული სოციალური ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე პრიორიტეტული საკითხი არის ანაზღაურება. მაგრამ ამის გარდა პრობლემებია შრომითი უფლებამოსილების ფარგლებიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გაცილებით მეტი და ისეთი სამუშაოს გაწევა უწევთ, რაც კონტრაქტით და არც სიტყვიერი შეთანხმებით არ ყოფილა გათვალისწინებული“, - აღნიშნავს ლიპარტელიანი.

მისი თქმით, დასაქმებულები დღემდე ჩივიან სამსახურიდან გათავისუფლების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ხელფასიანი შვებულების, გადაჭარბებული ფუნქციებისა თუ შრომის ანაზღაურებისთვის.

ლიპარტელიანმა ყურადღება გაამახვილა რითეილ სექტორზეც და აღნიშნა, რომ კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს ჯარიმების სახით, დანაკლისის გამო, მიზერულ ხელფასზე თანხას ჯერ კიდევ აჭრის.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მიდგომები საკანონმდებლო მიმართულებით და შრომის ინსპექციას არაერთი სანქცია გამოუყენებია, პრობლემა მაინც რჩება. განსაკუთრებით მაშინ, როცა რითეილ სექტორში დასაქმებულებს ისედაც დაბალი ხელფასიდან უქვითავენ ყოველგვარ დაუსაბუთებელ ჯარიმებს დანაკლისების გამო. შედეგად ეს იწვევს იმას, რომ იმ მიზერულ ხელფასს, რაც ადამიანებს დაკავებულ პოზიციაზე აქვთ, ვერ იღებენ სრულად თვის ბოლოს“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

წყარო: BPN.GE