ფოთის პორტზე განხორციელდა შეტევა - ასე აფასებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი საკონტეინერო მოსაკრებელზე დაწესებულ 30-ლარიან გადასახადს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით, საკონტეინერო მოსაკრებელი შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა ერთი კონტეინერისათვის 30 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

აღსანიშნავია, რომ კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ირაკლი იაშვილი ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ მიღებული ცვლილებები ბუნდოვანი და სრულიად უადგილოა.

„ბოლომდე დადგენილი არ არის გადამხდელი სუბიექტი ვინ უნდა იყოს - საზღვაო ხაზი, აგენტი, მფლობელი თუ ვინმე სხვა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს შეხვედრების პროცესები და ზოგადად ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ვისი ინიციატივაა ეგეც არ ვიცი, ან ვის მოუვიდა თავში ეს აზრი. ადრე იყო ეს 90-იან წლებში, მაშინ იგონებდნენ ახალ-ახალ მოსაკრებლებს და მახსოვს, რომ გამოვედით მაქედან და ახლა რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაუგებარია“, - აღნიშნავს ირაკლი იაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.

მისი თქმით, ეს ცვლილებები პირდაპირი დარტყმაა ფოთის პორტზე, ვინაიდან იგი არ ეხება არც ბათუმს და არც სახმელეთო გზით შემოსულ კონტეინერებს.

„გადასახადი არ არის, მოსაკრებელი დაარქვეს. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და მაინტერესებს, სად მიდის ეს ფული, თან ბათუმს არ ეხება, ფოთის პორტზე განხორციელდა შეტევა. ახსნა არ მაქვს არანაირი, თავად მოვისმენდი სიამოვნებით ამის არგუმენტებს“, - თქვა ირაკლი იაშვილმა.

BPN.GE