საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა თიბისი დაზღვევის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე შეინარჩუნა და მისი პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ განაახლა. აღნიშნული ცვლილება მოჰყვა Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებას, რაც სააგენტოს შეფასებით, განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით და გარე ლიკვიდობის რისკების შემცირებით.
თიბისი დაზღვევა რჩება პირველ ქართულ სადაზღვევო კომპანიად, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch -ი რეიტინგს ანიჭებს. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის შედეგების სტაბილურობა და ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად მზარდი ფინანსური მაჩვენებლები რეიტინგის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს.
ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ თიბისი დაზღვევის ძლიერი პოზიციების ქონას განაპირობებს დივერსიფიცირებული სადაზღვევო პორტფელი და მხოლოდ „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვეველებთან თანამშრომლობა.
თიბისი დაზღვევა უკვე ცხრა წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ პერიოდში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს. დაარსების დღიდან კომპანიამ მომხმარებლებს 350 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა.
„თიბისი დაზღვევა ყოველთვის იყო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ინოვაციური მიდგომების მქონე კომპანია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკით ცდილობს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას,“ - აღნიშნავს გენერალური დირექტორი დავით კიღურაძე.












