Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია BM.GE-სთან აცხადებს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალმა ინიციირებამ და შექმნილმა მდგომარეობამ, ბიზნესზე გავლენა უკვე იქონია. Rooms-ის სასტუმროები დაცარიელდა. ტურიზმის დარგის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და აცხადებს, რომ „ჩვენი გზა ევროპაშია“.

„ეს ორი დღე რესტორანი და სასტუმრო ცარიელია, ყველა კონფერენცია და ღონისძიება გაუქმებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მტკივნეულია. იმედი მაქვს, ასე არ გაგრძელდება. მგონია, რომ ჩვენი გზა ევროპაშია.

ძირითადად ჩვენი დამკვეთები ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ან ადგილობრივები. ეს ღონისძიებები იმიტომ უქმდება, რომ ასეთ ვითარებაში წვეულებაზე სიარულის ხალისი არავის აქვს. ასეთი მდგომარეობა მთელ საქართველოშია, განსაკუთრებით ყაზბეგსა და თბილისში.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ჩეხერიამ.

წყარო: bm.ge