ქართული საბანკო სისტემა არის საიმედო, მყარი, მზარდი და ამავე დროს ტრანსპარანტული, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სექტორმა დიჯიტალიზაციაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო, რის შედეგადაც საბანკო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო მომავალში შესაძლოა საბანკო მომსახურება ძირითადად მობილური და ვირტუალური არხებით განხორციელდეს.

„ახლა, როდესაც ყველა ციფრი და ინფორმაცია ასე ფართოდაა წარმოდგენილი, ნებისმიერს შეუძლია როგორც ეროვნული ბანკის, ისე ცალკეული ბანკების ვებგვერდებზე შევიდეს და წლიური ანგარიშები წაიკითხოს.

დღეს წამყვანი ბანკების წლიური ანგარიშები დაახლოებით 400-500 გვერდიანია. მათგან იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციის ამოკრება და გაგებაა შესაძლებელი, რომ გაოცდებით, თუ რამხელა პროცესები მიმდინარეობს ქართული ბანკების შიგნით. შესაბამისად, ამ ყველაფრის არდანახვა და არდაფასება უბრალოდ შეუძლებელია.

ამიტომაც, ქართული საბანკო სისტემა ძალიან კარგად იყენებს ე.წ. მასშტაბის ეფექტს. მასშტაბის ეფექტი ნიშნავს, როდესაც თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა იზრდება. მაგალითად, თუ ადრე ერთი საკრედიტო ოფიცერი სამ კლიენტს ემსახურებოდა, დღეს მას უკვე შვიდი კლიენტის მომსახურება შეუძლია. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პროცესები უბრალოდ გამარტივდა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩაიდო დიჯიტალიზაციაში, რათა სერვისები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. საბოლოო ჯამში შესაძლოა, დაახლოებით ხუთ-ათ წელიწადში მივიდეთ იქამდე, რომ მხოლოდ მობილური და ვირტუალური ბანკინგი დაგვრჩეს“, - აცხადებს დავით რუსია.