საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმის - „ბანკირის დღიურები“ პრემიერა გაიმართა. ფილმი საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იყო. მისი წვლილი განსაკუთრებულია ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებასა და სხვა, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი, მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის საუკუნოვანი ისტორიით დაინტერესებისთვის და ისაუბრა იასონ ლორთქიფანიძის განსაკუთრებულ წვლილზე, რაც მას საქართველოს საფინანსო სექტორის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიუძღვის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს გავაცნოთ და შემოვუნახოთ ისეთი გმირების ისტორიები, როგორიც იასონ ლორთქიფანიძე იყო. ჩვენი მხრივ, მუდმივად ვიზრუნებთ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ისტორია და დავრჩეთ იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რამაც სებ-ის საუკუნოვანი ისტორიის შექმნა განაპირობა.
აღსანიშნავია იასონ ლორთქიფანიძის ეპისტოლური დანატოვარიც, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა საბანკო და ეკონომიკური საკითხების შესახებ და რომელიც საფუძვლად დაედო დღევანდელ ფილმს. გეტყვით ასევე, რომ დოკუმენტურ ფილში იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტია გამოყენებული,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სიმბოლურია ისეთი დოკუმენტური ფილმის შექმნა, რომელიც ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს, ეროვნული ვალუტის 30-ე წლისთავს და პირველი მაუწყებლობის დაწყების 100 წლის იუბილეს.
„ეროვნული ვალუტის, ლარის დაბადების 30 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ასევე, წელს სრულდება პირველი მაუწყებლობის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ეს თარიღები ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუმზადა სიურპრიზი - გამოშვებული იქნება მონეტა სპეციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმბოლიკით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი საუკეთესოდ შეაფასებს ამ ფილმს“, - აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას, რაც ქვეყანას წაადგება.
აღსანიშნავია, რომ ორი თარიღი, ლარის 30 წლისთავი და საზოგადოებრივი მაუწყებლის 100 წლის იუბილე ემთხვევა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტელექტუალური, კულტურული პროექტები გაგრძელდება, მრავლად იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
„დღეს შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა იასონ ლორთქიფანიძეზე. ეს არის ქართული ეროვნული ბანკის პირველი მმართველი და პირველი ხელმძღვანელი. ამ ფილმით პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდია აგრძელებს ეროვნული მეხსიერების შექმნას. პროდუქცია, რაც ამ სტუდიაში იქმნება, არ არის კომერციული პროექტი, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ემატება ფასი და მნიშვნელობა. ეს პროდუქცია ეხება იმ ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან.
საქართველოს პირველი არხის მედიის დირექტორის, რუსუდან მანჯგალაძის თქმით, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ შეიქმნა პორტრეტული ფილმი, საიდანაც მაყურებელი ამ ადამიანის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობს.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამზადისი ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო დოკუმენტური ფილმი იასონ ლორთქიფანიძეზე. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გახლდათ სწორედ ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, რომლის დროსაც დამკვიდრდა პირველი ეროვნული ვალუტა და რომელსაც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიების და შემდეგ მისი ჩამოსვენების ორგანიზება. მას უდიდესი წვლილი აქვს ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი პორტრეტული ფილმი შეგვექმნა მასზე. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს ფილმი მოეწონება და ბევრ ახალ საინტერესოს შეიტყობს“, - განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა არაერთი ინიციატივა განახორციელა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მათ შორის: წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა იასონ ლორთქიფანიძის უნიკალური საოჯახო არქივი, რომელიც ახლა ყვარლის ფულის მუზეუმში ინახება და საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია.
გასულ წელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის მემორიალური დაფა გაიხსნა.
დოკუმენტური ფილმის „ბანკირის დღიურები“ პრემიერას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული შენობის კინოდარბაზში „ილუზიონი“ გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.
დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.