დღეს, საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა ხუციშვილმა მისიას საქართველოს ფისკალური პოლიტიკის შესახებ გააცნო ინფორმაცია.

"მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევე, ხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, საუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღესვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეკონომიკის მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილეებს შეხვდა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან გამართავს შეხვედრებს. მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია 7 აპრილს იგეგმება.