გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის – „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, უფროსის მოადგილეები ირაკლი მეგრელიძე და თამარ შარაშიძე, დონორი ორგანიზაციის, ასევე სამინისტროს უწყებაში შემავალი და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, დაინტერესებული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის გაცნობა წარმოადგენდა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას და ICT სისტემის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში.
ICT სისტემა თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიული შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.













