მაღაზიებში გაყიდულ, დიდი ფერმების მიერ წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღაზიებში გაყიდული კვერცხი სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკების შემცველობაზე შეამოწმეს.

როგორც კობალაძემ განაცხადა, შეამოწმეს შემდეგი დასახელების პროდუქტები: “დილა”, “კოდა”, “კუმისი”, “ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი”, “პატარძეული”, “რა კარგია კვერცხი”, “სავანეთი” , “ზოგე გონივრულად”.

პროდუქტის ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (“მეტრონიდაზოლი”, “ქლორამფენიკოლი” – იგივე “ლევომიცეტინი” და “ნიტროფურაზონი”), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს.

“ჩვენი პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად ამა თუ იმ სურსათის თუ სამომხმარებლო პროდუქტის ლაბორატორიულ კვლევას ვაკეთებთ. ამით ვცდილობთ, გარკვეული სისტემური ხარვეზები გამოვკვეთოთ. ესაა ჩვენთვის დამატებითი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე.

შედეგებს ვაწვდით შესაბამის მეწარმეებს თუ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც სურსათის უვნებლობის საკითხებზეა პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო, კვერცხის ნიმუშები ანტიბიოტიკების შემცველობაზე გამოგვეკვლია. მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები, ზოგადად, რეკომენდებული არაა, ადამიანმა ანტიბიოტიკები რაც შეიძლება ნაკლები და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა მიიღოს, როცა სხვა მედიკამენტური მკურნალობა სათანადო შედეგს არ იძლევა. ანტიბიოიტიკებისადმი რეზისტენტულობა თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. როდესაც ადამიანი ანტიბიოტიკებს სისტემატურად მოიხმარს, ამ ნივთიერებებს ეჩვევა და შემდეგ, როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობაა საჭირო, ორგანიზმი უკვე ვეღარ რეაგირებს.

ზუსტად ამას უწოდებენ რეზისტენტულობას, ანუ ანტიბიოტიკები ადამიანს აღარ შველის. ანტიბიოტიკებს არა მხოლოდ მზა სახით, როგორც წამლებს ვიღებთ, არამედ შესაძლოა, სხვადასხვა სურსათში შედიოდეს, რადგან ცხოველებს ისევე სჭირდებათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, როგორც ადამიანებს. სამწუხაროდ, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს ანტიბიოტიკებს აძლევდნენ არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ დაავადებების პრევენციისთვის. აქედან გამომდინარე, ის პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ, კვერცხი იქნება, რძე თუ ხორცი, ამის შემდეგ ასევე ანტიბიოტიკებს შეიცავს და ადამიანი, ფაქტობრივად, ისე იღებს ამ ნივთიერებებს, რომ თავადაც არ იცის.

ამ პრობლემის თაობაზე მეტი ინფორმაცია რომ მიგვეღო, კვლევა ჩავატარეთ. ჩვენი რესურსები შეზღუდულია, ეს კვლევა მოქალაქეთა შემოწირულობების ხარჯზე ჩატარდა. ბოლო 1 წლის მანძილზე დაახლოებით 2800 ლარი შეგროვდა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კვლევის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის მასშტაბით 8 ნიმუში ავიღეთ. ვცადეთ, დიდი ფერმების პროდუქცია აგვეღო, რომელიც ბაზარზე მასობრივად იყიდება და ეტიკეტირებულია.

ჩამოგითვლით დასახელებებს, რომლებიც შევამოწმეთ: “დილა”, “კოდა”, “კუმისი”,” მწვანე ფერმის” “ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი”, “პატარძეული”, “გუდვილის” დაკვეთით დამზადებული შპს “ეკო კვერცხის” დამზადებული “რა კარგია კვერცხი”, “სავანეთი” , “ზოგე გონივრულად”.

საბედნიეროდ , ანტიბიოტიკების ნარჩენები არცერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ნიმუშები მხოლოდ 3 ანტიბიოტიკზე შევამოწმეთ, რადგან ყველა ტიპის ანტიბიოტიკზე შემოწმება შეუძლებელია. ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ასობითაა. ჩვენ ისეთი ანტიბიოტიკები შევარჩიეთ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ფართოდ გავრცელებული იყო და ასევე აკრძალულია, ანუ მათი მეცხოველეობაში გამოყენება დაუშვებელია.

პროდუქტის ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (“მეტრონიდაზოლი”, “ქლორამფენიკოლი” – იგივე “ლევომიცეტინი” და “ნიტროფურაზონი”), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს.

საბედნიეროდ, ეს ანტიბიოტიკები ნიმუშებში არ იყო. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგია, თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევს, რადგან სურსათის უვნებლობის კონტროლი სისტემატური პროცესი უნდა იყოს. შეიძლება, ერთი და იმავე ბრენდის პროდუქტი დღეს უვნებელი იყოს, მაგრამ ხვალ მავნე აღმოჩნდეს. ანტიბიოტიკების პრობლემა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა კობალაძემ.