“ბალტიისპირეთში ძალიან ეშინიათ უკრაინის დამარცხების, რადგან ფიქრობენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მათ მიადგება. ამ შიშში კი ლოგიკა არის”,- ამის შესახებ, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

,,სხვა საკითხია, აპირებს თუ არა რუსეთი ნატო-სთან ომს, ვიდრე უკრაინაში ომს დაამთავრებს. ეს ახლა სრული სიგიჟე მგონია, უფრო მეტიც, დატესტვაც კი. თუ რუსეთი აპირებს ნატო-სთან ომს, ომში კი ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, თავს დაესხას ლატვიას, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომს დაამთავრებს და თუ ლატვიაში ამერიკელები აღარ იდგებიან…. ბევრი ელოდება, რომ ტრამპი რაღაცას იზამს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს? დარჩა რაიმე სერიოზული ბერკეტი დასავლეთს რუსეთზე ზემოქმედებისთვის? ვინმეს ილუზია აქვს, რომ რუსული ნავთობი მსოფლიოში არ გაიყიდება? თუ არ გაიყიდება, ამას მოჰყვება ნავთობის ფასის კატასტროფული ზრდა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკის კოლაფსი. შესაძლოა ცოტა უფრო იაფად იყიდონ, ვიდრე რუსეთს აწყობს. ეს სხვა ამბავია – სწორედ მაგაშია საქმე, რამდენად დააზარალებს ნავთობის სიიაფე. არ იყიდიან ევროპელები? იყიდიან ჩინელები. ცოტა უფრო იაფად, მაგრამ ამით საბოლოოდ რუსეთიც დაზარალდება და ევროპაც. მოგებულები კი ამ ომიდან პირველ რიგში ჩინელები რჩებიან. ყველაზე წაგებულია, ცხადია, უკრაინა, რუსეთი და შემდეგ ევროპა.

სხვა ქვეყნის ჯარი უკრაინაში არ ჩადგება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შეხედეთ, საფრანგეთს ისევ კრიზისი აქვს და წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციაში მაკრონმა ჯარი გაგზავნოს და თუნდაც ერთი სამხედრო დაიღუპოს, ამას რა მოჰყვება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სად ჰყავთ ევროპის ქვეყნებს ჯარი? ვისაც შედარებით სერიოზული ჯარი ჰყავს ევროპის კვალობაზე, საფრანგეთია და მერე, ალბათ, პოლონეთი. როგორც გითხარით, მეხუთე მუხლის ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ამერიკა. მაგალითად, შევიდა პოლონეთი უკრაინაში, ესროლა რუსეთმა, დახოცა პოლონელი ჯარისკაცები და პოლონეთმა შეიძლება მოითხოვოს მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაგრამ ამერიკელებმა შეიძლება უთხრან, რომ შენ უკრაინელების ტერიტორიაზე იყავი და ვერ ავამოქმედებთო _ ანუ პოლონეთს სჭირდება ამერიკის გარანტია, რომ მეხუთე მუხლს ასეთ შემთხვევაშიც აამოქმედებს და შესაბამისად, ამერიკელების ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებს. ამ სიტუაციაში კი ამერიკელები მისცემენ ნებართვას? ვფიქრობ, არა.

“ჩემი აზრით, ნატო-ს ეგიდით უკრაინის ტერიტორიის გამყოფი ხაზის დაცვა თუ გაკონტროლება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულების შემდგომ. ვიდრე ომი მიდის და რუსეთი ისვრის რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე, იქ არავინ არ ჩადგება, ევროპელები, მით უმეტეს. დასრულება დამოკიდებული იყო კომპრომისზე, კომპრომისის მიღწევა კი, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით შეუძლებელია. რუსეთმა რაც დაიკავა, იმის მიერთებას და დანარჩენი უკრაინის სრულ ნეიტრალიზაციას ითხოვს. ამაზე ცხადია, არ მიდიან, რუსეთის პირობა მიუღებელია. ამიტომაც ომი, ალბათ, იქნება მანამდე, სანამ ერთ-ერთი მხარე სერიოზულად არ ჩამოიშლება”,- აცხადებს შარაშენიძე.

კითხვაზე, ,,ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნატოს პერსპექტივა როგორია? შეიძლება იმის თქმა, რომ მისი ფუნქცია არ ამოწურულა?” – უპასუხა:

,,ჯერჯერობით თავის თავს იცავს და მეტი რა უნდა ქნას. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე ნატოზე მოლოდინი ძალიან გაზარდეს, აი, ნატო დაიცავს იმათაც, ვინც მისი წევრი არ არისო. რეალურად სისულელე გააკეთეს, როცა არ გაქვს შნო, უნდა შეეშვა, ხომ? მოინდომეს რუსეთის დამარცხება, მაგრამ ჯერ ვერ ამარცხებენ და დაიწყეს ვიშვიში, ვაიმე დავიღუპეთ, ნატო იშლებაო. რატომ უნდა დაიშალოს, როცა თავის ფუნქციას ასრულებს, თავის თავს იცავს. ილუზიებში ცხოვრობენ და ყველაფერი ამის ბრალია. მე ნატო-ს ძალიან ბევრ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და შევამჩნიე, რომ ეს ამერიკას ნაკლებად ეხება, მაგრამ ევროპელებს დაეტყოთ გაზარმაცება და პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა. ევროკავშირი ხომ რეალურად ცალკე სამოთხეა, მშვიდად არიან პოლიტიკურ პენსიაზე და ცხოვრებით ტკბებიან. ევროკავშირს ეს პოლიტიკურად ძალიან დაეტყო, დაკარგეს ძველი ფხა, რეალისტურად ვეღარ აღიქვამენ გეოპოლიტიკას.

გაიხსენეთ ფონ დერ ლაინის განცხადება, რუსეთი ჩამოიშალა, ჩიპებისთვის სარეცხ მანქანებს შლიანო. ამას რომ ამბობ, საკუთარ თავს ხომ უნდა დაუსვა კითხვა, რუსეთს ამხელა ჩინეთი ჰყავს გვერდზე და ის ვერ მისცემს რუსეთსო? როდესაც ამხელა ეკონომიკური მონსტრი გყავს ჩინეთის სახით, ეს ხომ მიუთითებს პოლიტიკური კლასის დაქვეითებაზე? ყველაფერი აქედან გამომდინარეობს”,- განაცხადა შარაშენიძემ.