ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პირველი აპრილიდან აიკრძალება საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი და რეგისტრაცია და ასეთი ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდნენ ევრო 5 სტანდარტს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების და ევრო 5 სტანდარტზე ნაკლები სტანდარტის ავტომობილის იმპორტი ვერ მოხდება ქვეყანაში და ვერც რეგისტრაცია განხორციელდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან დიდ ქალაქებში ჩვენ გვაქვს სიმწვავე ჰაერის დაბინძურების. სატრანსპორტო სექტორი არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დამატებითი ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის.

დადგენილება ძალაში შედის პირველია აპრილიდან, ის პირები, რომლებმაც შეიძინეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ან შეიძენენ პირველ აპრილამდე, მათ შეეძლებათ, რომ დაარეგისტრირონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ქვეყანაში იმაზე დაბალი სტანდარტით, ვიდრე ამას მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს.

ეს რეგულირება არ ეხება რეექსპორტს, ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაციაც ხდება ქვეყანაში. ასევე არ შეეხება ქვეყანაში უკვე შემოსულ და დარეგისტრირებულ ავტოტრანსპორტს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.