სემეკის სხდომა, რომელზეც 24-25 ივლისს საქართველოში დენის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამგანაცხადა, კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნა გადაეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს, რათა წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რის შემდეგაც, ორი კვირის ვადაში კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის განიხილება კომპანიების დასანქცირების საკითხი.
„მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24 და 25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილი იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა – 75 000 ლარი ერთ შემთხვევაში.
„ორი სისტემური ავარიაა, შესაბამისად ცალ-ცალკე მოხდება ამ საკითხებზე დასანქცირება“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ამასთან, როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ 24 და 25 ივლისს მომხდარი სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე.
„ასევე, მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნა წარმოდგენილი“, – თქვა დავით ნარმანიამ.
ამასთან, როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, მარეგულირებელი კომისია საკითხს სწავლობს კომპანიების საქმიანობისა ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში, ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება.
„ამას სწავლობს შესაბამისი სამსახური. ჩვენ, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვნახოთ, რა შედეგებზე გავლენ ისინი. დასკვნა, რა თქმა უნდა, საჯარო დოკუმენტია და მართაც ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ დასკვნას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება ენგურჰესთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სისტემური ავარიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ენგურჰესზეც არსებობდა რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები.
„რა თქმა უნდა, ენგურჰესის მიერ მოწვეულ იქნა შესაბამისი სპეციალისტები. დღესაც ენგურჰესი დაკვირვების ქვეშ არის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ენგურჰესმა შესყიდვა უნდა გამოაცხადოს დამატებითი მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, რათა სრულად ტექნიკურად მოწესრიგდეს ენგურჰესთან არსებული შესაბამისი მარეგულირებელი სისტემები. აქედან გამომდინარე, ეს სამუშაოები გრძელდება და ენგურჰესი ჯერჯერობით არ მუშაობს სრული დატვირთვით. წყალი დაგროვებულია ენგურჰესის რეზერვუარში და როგორც კი აღმოიფხვრება შესაბამისი ხარვეზები, ეტაპობრივად მოხდება მისი დატვირთვა.
მოკლე ჩართვამ, რაც გეგუთის ხაზზე განხორციელდა, მერე ჩაითრია ენგურჰესიც. ენგურჰესზე ხუთ აგრეგატზე არსებული მარეგულირებელი ინსტრუმენტიდან ერთმა იმუშავა გამართულად, სხვა დანარჩენებზე ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება ის შესყიდვა, რა შესყიდვაც მათ გამოაცხადეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.













