საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა პოლონეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პოლონეთის ეროვნული ბანკის მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მომზადდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების მიმართულებით განხორციელებულ „ტვინინგის“ პროგრამას, რომლის მიზანი ზედამხედველობისა და საგადახდო სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის გაძლიერება იყო. აღნიშნული პროგრამის შედეგად საქართველომ მიიღო და დანერგა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო საგადახდო სისტემებისა და მომსახურებების შესახებ, რამაც შესაძლებლობა მისცა სებ-ს განაცხადი გაეკეთებინა საქართველოს SEPA-ში (ერთიანი ევროგადახდების სივრცე) გასაწევრიანებლად.

შეხვედრისას, პოლონეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია პოლონეთში საგადახდო სისტემების არსებული მდგომარეობის შესახებ და გაუზიარეს გამოცილება მათი დანერგვის მიმართულებით. პოლონეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მომავალ თანამშრომლობასა და მხარდაჭერისთვის  მზადყოფნა გამოთქვეს.

პოლონეთში ვიზიტისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ და საგადახდო სისტემებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის კლირინგის სახლების ასოციაციის (EACHA) ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ევროპის 29 ქვეყნის საგადახდო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

განიხილეს მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე მონიტორინგის სისტემებში, რაც ხელს უწყობს გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობის გამოვლენისა და პრევენციის ეფექტიანობას.

აღსანიშნავია, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლიდან ევროპის კლირინგის სახლების ასოციაციის წევრია. ასოციაციის მთავარი მიზანი ევროკავშირის საგადახდო ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებების, სტრატეგიული საკითხებისა და ინიციატივების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა. ასოციაცია ყოველწლიურად მართავს ფორუმს, ხოლო წელიწადში ორჯერ პლენარული სხდომებს, რომლებშიც სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე მონაწილეობს.