"საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში განაცხადა, რომელიც ბრიტანეთში იმართება. თურნავას თქმით, საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავასთან ერთად, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც მონაწილეობს. სებ-ის ცნობითვე, ორმხრივ შეხვედრებზე ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს.

“გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას. ფასების სტაბილურობას, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უზრუნველყოფს. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, თურნავამ და ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს. სებ-ის ცნობით, შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.