25 მარტს საქართველოს ბანკი 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშს – „Sustainability Report 2025: From Strategy to Impact“ – წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობითაც გაიმართება პანელური დისკუსიები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო სექტორის როლის შესახებ.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის:

  • ვირჯინია მერტინ ჰერიცი, J&P Morgan-ის ESG კვლევის მეთოდოლოგიებისა და ინტეგრაციის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ელენ ვუდ-გაში, S&P Global-ის მდგრადი გადაწყვეტების სპეციალისტი;
  • ლილიანა პოცო (Liliana Pozzo), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის - IFC-ის ევროპის მენეჯერი მდგრადი დაფინანსების სერვისების მიმართულებით;
  • ანდრეას ბერკოფი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსების უფროსი ოფიცერი;
  • ზოი პაი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი და ფინანსური ინსტიტუტების სექტორის ხელმძღვანელი გარემოს და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
  • ლესლი ბერმან ლაჰმი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი.

მდგრადი განვითარების 2025 წლის ანგარიშის წარდგენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის ასახავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას მდგრადი პრინციპების მიმართ. ანგარიში, სახელწოდებით სტრატეგიიდან პოზიტიური გავლენის შექმნამდე“, დეტალურად აჩვენებს იმ გაზომვად შედეგებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ბანკი ქვეყანაში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ხელშესაწყობად დგამს. ჩვენთვის საამაყოა, რომ წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ მიღწევები და ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემსახურება”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, მდგრადი განვითარების დოკუმენტი ასახავს საქართველოს ბანკის სტრატეგიას, მიღწევებსა და გაზომვად შედეგებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებით. ბანკის ESG მიმართულება მოიცავს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებს, როგორებიცაა: მდგრადი დაფინანსების პროდუქტები, პროექტები და სერვისები, განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოეფექტურობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგოეფექტური მშენებლობა და სხვა. ამასთან, მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ინკლუზიურობას. გარდა ამისა, ბანკი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, კერძოდ, გარდა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა, ბანკის ელექტროენერგიის მოხმარების 88% რეგიონებში მზის ენერგიით მარაგდება.

ამასთან, საქართველოს ბანკი განათლების, კულტურის, სპორტისა და დაცული ტერიტორიების მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების საწინდარია.