გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction საქართველოს პავილიონი მოეწყო.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების: “ჯეო აგრო ისთეითი”, “ნიადაგი ჯგუფი“, “აგროლეინი”, ჯენტრიინვესტმენტს”, ,,აგრითაჩი”, “კოლხური კენკრა”, “აგრო ველი”, “ნამიანი 1” და “ჯეო ორგანიკს” სტენდები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ.

„საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში“ - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების გამოფენებში მონაწილეობა, რადგან  ეს არის  კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ახალი კონტაქტების დამყარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა. მისი განცხადებით, საელჩო მიესალმება და ხელს უწყობს  მეწარმეებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა სტუმრობდა.

Fruit Attraction ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება.