საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამში 373 მლნ ლარის ეფექტი მიიღეს.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში რეფორმების ფარგლებში შეიცვალა პროექტების მართვის მიდგომებიც და, მისი თქმით, გამჭვირვალობის მიმართულებით არსებული პრობლემები მოწესრიგდა.
კობახიძის განცხადებით, სექტორში აღმოიფხვრა ელექტროქსელთან მიერთების ნებართვების წინასწარ დაჯავშნისა და მათი გადაყიდვის პრაქტიკა, ასევე შემცირდა ნებართვების გაცემის ხელოვნურად გაჭიანურების შემთხვევები.
პრემიერის თქმით, პირველად მომზადდა ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია. გეგმის მიხედვით, ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრე დაახლოებით 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ერთი ქარის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, წლის ბოლომდე კი ექსპლუატაციაში კიდევ ექვსი ელექტროსადგურის გაშვებაა დაგეგმილი. შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემას დამატებით დაახლოებით 300 მეგავატი გენერაციის სიმძლავრე უნდა შეემატოს.
პრემიერის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების 20-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 1.8 მლრდ ლარს შეადგენს.
პროექტების ფარგლებში, ჯამში, დაახლოებით 900 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაა დაგეგმილი.













