2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში19.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%-ს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.