თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა.

პროექტს ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტთან“ ერთად არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება.

კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300 მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მშრალი პორტი თბილისში ქინძმარაულის ქუჩაზე, 195 252 კვ.მ-ზე მოეწყობა.

„თბილისის მშრალი პორტის დაგეგმვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლოჯისტიკური ჰაბის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი ოპერირება. კერძოდ, კონცეფცია დაფუძნებულია მსოფლიოში გავრცელებული ე.წ მშრალი პორტის პრინციპზე, რაც გულისხმობს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ძირითადად კონტეინერიზებული ტვირთის რკინიგზით ტრანსპორტირებას თბილისის მშრალ პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება (დაცლა, დატვირთვა, დასაწყობება, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა და სხვა).

მშრალი პორტის მიზანია, მოსახერხებელი და ხარჯ-ეფექტიანი გადაზიდვისა და ერთ ადგილზე მრავალ-პროფილური მომსახურების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია რომ, საკონტეინერო ტვირთების ნაწილის რკინიგზაზე გადანაცვლებით განიტვირთება მაგისტრალური გზები, რაც თავის მხრივ შეამცირებს გარემოზე ავტოტრანსპორტით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილისი დრაი პორტს“ 2021 წელს გადაეცა თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. უძრავი ქონება ქინძმარაულისა და რქაწითელის ქუჩებზე მდებარე 11 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს მოიცავს. კომპანია „თბილისი დრაი პორტში“ მაშინ განმარტავდნენ, რომ ლოგისტიკურ პროექტში 27 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა.

შპს „თბილისი დრაი პორტი“ 2021 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის კაპიტალი 10 მლნ ლარია. კომპანიის 45%-იანი წილის მფლობელია შპს „თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტი“, 55%-იანი წილს კი შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ ფლობს. თავის მხრივ „თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტის“ მფლობელი კომპანიაა შპს „ინვეკოა“, რომლის 100%-იან წილსაც ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი ფლობს. შპს „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას“ 50%-იან წილსაც „ინვეკო“ ფლობს, ხოლო დანარჩენი 50% - ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ეი.ეს“-ის მფლობელობაშია.

commersant.ge