საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

გულზე ხელი დავიდოთ და ვიკითხოთ: წლების წინ ამას დავიჯერებდით? ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სხვისთვის დაუჯერებელი რამ ცხადად წარმოედგინა, ხვიჩა კვარაცხელია იყო. ბიჭი, რომელმაც “ნაპოლიში“ სენსაცია მოახდინა და ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ქომაგს ნანატრი სკუდეტო მოაპოვებინა, ახლა უკვე უფრო ფართო, გლობალურ ასპარეზზე გავიდა - მის კოლექციაში ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის ორი მედალი ინახება.

მის ირგვლივ განვითარებული მასობრივი აჟიოტაჟი სრულიად გასაგებია: ხვიჩას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. იგი განსაკუთრებით შეუჩერებელი და ლეტალური ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ფაზაში გახდა, რაც ფეხბურთში ყველაზე მეტად ფასობს. ბრწყინვალე მატჩებმა „ჩელსის“, „ლივერპულის“, „ბაიერნისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ და ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში 17 საგოლე მოქმედებამ (10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა) მას უდიდესი აღიარება მოუტანა: ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მსოფლიო აღიარებისკენ მიმავალი თავბრუდამხვევი სიჩქარის მიუხედავად, ხვიჩა თავმდაბლობას მუდამ ინარჩუნებს. ჟურნალისტების დაუსრულებელ კითხვებზე იმის თაობაზე, თუ რამდენად უხარია მას ინდივიდუალური წარმატება ან განიხილავს თუ არა საკუთარ თავს “ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად, ხვიჩა მოკლედ პასუხობს: მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა და ბედნიერია იმით, რომ საჩემპიონო გზაზე თანაგუნდელებს ეხმარება.

დღეს ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ყურადღების ეპიცენტრშია. ყველა ავტორიტეტული სპორტული გამოცემა თუ პოდკასტი, საფეხბურთო ექსპერტი თუ გულშემატკივარი მის დომინანტურ სეზონზე საუბრობს და სვამს კითხვას: უნდა გადაეცეს თუ არა მას ოქტომბრის ბოლოს “ოქროს ბურთი“? ამ ფონზე, მის ქომაგებში ერთგვარი სინანული შეინიშნება: 2026 წლის მუნდიალზე საქართველო არ მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატი კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში უდიდესი წონისა და გავლენის მატარებელია. როგორც მინიმუმ, Bleacher Report-ის თანახმად, ხვიჩას საუკეთესო სამეულში მაინც ვიხილავთ, თუმცა ყველაფერი მის მთავარ კონკურენტებზეა დამოკიდებული - იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავად იასპარეზებენ ჰარი კეინი, დეკლან რაისი, მაიკლ ოლისე, ვიტინია, კილიან მბაპე და უსმან დემბელე მსოფლიო პირველობაზე.

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, ავტორიტეტულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა მისი ფასი ტრამპლინისებურად გაზარდა: ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება დღეს 140 მილიონ ევროს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმაზე ერთბაშად 50-მილიონიან ზრდას იშვიათად თუ ნახავთ. კარიერაში პირველად, ხვიჩა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-7 ადგილს იკავებს და მხოლოდ შემდეგ მოთამაშეებს ჩამორჩება:

  1. ლამინ იამალი - €200 მლნ.
  2. ერლინგ ჰოლანდი - €200 მლნ.
  3. კილიან მბაპე - €200 მლნ.
  4. პედრი - €150 მლნ.
  5. მაიკლ ოლისე - 150 მლნ.
  6. ვინისიუს ჟუნიორი - 150 მლნ.

ერთი მხრივ, როგორი სიმბოლურია ხვიჩასთვის 7 ნომერი, თუმცა მან მთელი მსოფლიო დააფიქრა იმაზე, რომ ის არა მე-7, არა 77-ე, არამედ პლანეტის საუკეთესო, №1 ფეხბურთელია. ამ წარმოუდგენლად რთულ გამოწვევას - გამხდარიყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო - ხვიჩამ დაუსრულებელი შრომით, მიზანმიმართულობით, საკუთარი ძალის რწმენითა და თავმდაბლობით მიაღწია. მას ხომ მხოლოდ ტექნიკური არსენალი არ გამოარჩევს, სწორედ პიროვნული თვისებები აქცევს საფეხბურთო ფენომენად. ამის ნათელი მაგალითია “პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დაუსრულებელი და ამაო დარიგებები კილიან მბაპესადმი, როცა იგი ფრანგ შემტევს დაცვითი ფუნქციების შესრულებას სთხოვდა. მბაპემ პარიზი დატოვა და მადრიდში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ხვიჩამ დაიკავა, მწვრთნელის თითოეული მითითება ზედმიწევნით შეასრულა და ყველა საფეხბურთო ანალიტიკოსს ათქმევინა, რომ მბაპეს ნაცვლად პსჟ-ში ქართველის გამოჩენამ ლუის ენრიკეს საკუთარი ტაქტიკური ხედვა სისრულეში მოაყვანინა.

დღეს ხვიჩას მიმართ ნათქვამი თითოეული საქებარი სიტყვა ობიექტურია. ის არც საფეხბურთო სიმულატორში შექმნილი პერსონაჟია და არც Netflix-ის სერიალის გმირი. ის არის ბიჭი, რომელმაც დაუჯერებელი ირწმუნა და შეასრულა, ჩვენ კი გვაფიქრებინა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს. თანაც, ინდივიდუალიზმის მიღმა მისი გუნდურობაც ხომ ვახსენეთ? სადაც ხვიჩაა, იქ წარმატებაა და, საფეხბურთო თვალსაზრისით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ამ ყოველივეს მომსწრენი ვართ - იმ დღის, როდესაც დიდი ქართული ფეხბურთისადმი ჩვენი აღქმა მხოლოდ არქივებში ძიებითა და ნოსტალგიური მოგონებებით აღარ შემოიფარგლება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ხვიჩას, დიდებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.