“სხვაგვარი გადაწყვეტილება არც იყო მოსალოდნელი, რადგან იურიდიული განათლების არმქონეთათვისაც კი ცხადია, რომ ნათია ჯანაშიას მოქმედება, რომლითაც მას “ბრიტანულ – ქართული აკადემიისთვის” სამეწარმეო რეგისტრაციის გაუქმების მიღწევა სურდა, არ ეყრდნობოდა არათუ იურიდიულ, არამედ ლოგიკურ საფუძველსაც კი”, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნათია ჯანაშიას ავანტიურა, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ჩავარდა.
“ჩავარდა ნათია ჯანაშიას ავანტიურა, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის” სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლას და საბოლოო ჯამში მის გაუქმება/ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, რამდენადაც მიმდინარე მონაცემების თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაშია გატარებული “ბრიტანულ-ქართული აკადემია” და მის მოქმედ მენეჯმენტს აღდგენილი აქვს უფლებამოსილება.
ფაქტია, ნათია ჯანაშია ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს (რაც ხშირად არაადეკვატურად გამოიყურება), რომ მიმდინარე დავაში საკუთარი პოზიცია გაამაგროს, თუნდაც ეს აკადემიის ფუნქციობის მოშლად დაჯდეს და ბრიტანულ-ქართული აკადემია სრულად განადგურდეს.
აქციონერთა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ახალ კანონთან “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო, ნათია ჯანაშიამ ობსტრუქცია მოაწყო. კერძოდ, მან არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა აკადემიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესი. ხოლო მას შემდეგ, რაც მაჟორიტარმა აქციონერმა, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ („საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი), კანონის სრული დაცვით, მიიღო წესდება, იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ნათია ჯანაშია უკვე რეესტრში ჩივის და რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს. მისმა ამ ნაბიჯმა გამოიწვია, გარემოებების გარკვევამდე, რეგისტრაციის პროცესში ხარვეზის დაფიქსირება. უკვე ამ პროცესში ჩანს, რომ ნათია ჯანაშიას საქციელი დესტრუქციულად და მიზანმიმართულად ემსახურება აკადემიისთვის ზიანის მიყენებას.
საბედნიეროდ, ფაქტია, რომ აკადემიის საუკეთესო ინტერესებისადმი ნათია ჯანაშიას სუბიექტური და როგორც ბოლო პერიოდის პრაქტიკიდან იკვეთება, დამაზიანებელი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, “საქართველოს განათლების ჯგუფი” მზად აღმოჩნდა მსგავსი დესტრუქციული ქმედებებისადმი წინ აღსადგომად. შესაბამისად, მან ზემოთ აღწერილ ობსტრუქციას დაუპირისპირა სწორი და აკადემიის ინტერესებზე ორიენტირებული ნაბიჯები და შედეგად, არ დაუშვა აკადემიის ფუნქციობის ოდნავი შეფერხებაც კი, თუნდაც იმ მცირეხნიან მონაკვეთში, სანამ საჯარო რეესტრი სკოლის რეგისტრაციას აღადგენდა.“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.













