(სასამართლო ქრონიკა)

(გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმის მოსამზადებელი სხდომა)

ეპიზოდი მეექვსე - 9 სექტემბერი

საქალაქო სასამართლოში განახლდა გახმაურებული ბიზნესდავის განხილვა, რომელიც "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" აქციონერებს შორის მიმდინარეობს.

“აკადემიის” მინორიტარი აქციონერი (30%) და ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) კომპანიიდან გარიცხვას ითხოვს. თავის მხრივ, შესაგებელი სარჩელით, მინორიტარი აქციონერის გარიცხვას ითხოვს "საქართველოს განათლების ჯგუფიც".

ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო.

აღნიშნული დავის წინარე ისტორია ასეთია - 2019 წელს მხარეებს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ, დავით ცეცხლაძემ საქართველოს განათლების ჯგუფისგან მიიღეს 29 მილიონ 300 ათასი ლარი ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილის სანაცვლოდ.

მხარეთა შორის შეთანხმებით, წილის გაყიდვის მიუხედავად, ნათია ჯანაშია აკადემიის დირექტორის პოზიციაზე დარჩა მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მეუღლესთან ერთად წლიურად 1 მილიონ ლარს იღებდა ხელფასის სახით.

2024 წელს, მას შემდეგ რაც მენეჯმენტ კონტრაქტი ამოიწურა და მაჟორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორად აღარ დატოვა, ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა და მემორანდუმიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. შემდგომში მან ასევე მოითხოვა "საქართველოს განათლების ჯგუფის“ გარიცხვა პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ დოლარის გადახდის პირობით.

ამ სარჩელებს, როგორც მოსალოდნელი იყო, "საქართველოს განათლების ჯგუფმა" შესაგებელი სარჩელებით უპასუხა.

9 სექტემბერს განახლდა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლო, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას თავმჯდომარეობით, მხარეთა მიერ წარდგენილი, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების მიღების პროცესს აწარმოებს.

სხდომაზე დაიკითხა “განათლების ჯგუფის” მიერ გამოძახებული მოწმე - ლიცენზირებული შემფასებელი, - ქალბატონი ნინო ბერაია (დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი), რომელმაც ნათია ჯანაშიას დაკვეთით ორჯერ შეაფასა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ღირებულება - 2024 წლის ნოემბრის და 2026 წლის ივნისის მდგომარეობით. მან ასევე შეაფასა რა იქნებოდა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ღირებულება ორი კამპუსის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში და ასევე დაითვალა, რა თეორიული დივიდენდი დაიკარგა ორი სკოლის მშენებლობის პროექტის განუხორციელებლობით მომდევნო 11 წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მან ასევე შეაფასა ის ჰიპოთეტური ზარალი /მიუღებელი შემოსავალი/, რაც ნათია ჯანაშიას მიადგა და სწორედ ამ შეფასების შედეგად დაითვალა ის ზიანი, რასაც მინორიტარი აქციონერი ითხოვს მემორანდუმიდან გასვლის საქმეში.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, "საქართველოს განათლების ჯგუფმა" დიდი ოთხეულის წარმომადგენელ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია KPMG-ს დაუკვეთა ბერაიას წარმოდგენილი დასკვნის შეფასება.

მოწმე ნინო ბერაიამ დაკითხვისას ყურადღება გაამახვილა შეფასების მეთოდოლოგიაზე და სპეციფიკაზე. მან კითხვებზე პასუხად აღნიშნა ისიც, რომ შეფასებისას ეყრდნობოდა იმ მასალებს, რაც მას დამკვეთმა, ანუ ნათია ჯანაშიამ მიაწოდა.

როგორც მოწმე აღნიშნავდა, სწორედ ამ მიწოდებული მასალების თანახმად, ასაშენებელი კამპუსებიდან ერთი 2021 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, ხოლო მეორე - 2022 წელს.

საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ “განათლების ჯგუფის” იურისტთა კითხვაზე, გარდა ნათია ჯანაშიას მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, კიდევ ეყრდნობოდა თუ არა შემფასებელი რაიმე ისეთ დოკუმენტს, სადაც ორივე მხარის ხელმოწერა იქნებოდა დაფიქსირებული, როცა ათვლის წერტილად, კამპუსების ექსპლუატაციაში შესვლის მომენტად, ზემოხსენებულ თარიღებს იღებდა და იყო თუ არა ამ დოკუმენტებს შორის საკუთრივ მხარეთა მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, - ნინო ბერაიამ აღნიშნა, რომ მას მემორანდუმი აქვს ნანახი, თუმცა ამდაგვარი ხასიათის დოკუმენტებში, რომელიც თავისი არსით, დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და მხარეთა განზრახულობას გამოხატავს, კონკრეტული თარიღები, როგორც წესი, არ არის ხოლმე მითითებული. მან აღნიშნა, რომ ასე იყო ამ შემთხვევაშიც - მემორანდუმიდან ამოკითხული ვადები მან ვერ გაიხსენა, უფრო სწორად - აღნიშნა კიდეც, რომ მსგავსი კონკრეტული ვადები მას ამ მემორანდუმში არ შეხვედრია.

შესაბამისად, მისი პასუხებიდან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ იგი შეფასებისას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ნათია ჯანაშიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

მოწმის დაკითხვის დასრულების შემდეგ მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს დამატებით რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთა თაობაზეც სასამართლო მხარეებს თავის განჩინებას დამატებით გააცნობს.

მოსამზადებელი სხდომა 17 სექტემბრის 14 საათისთვის გადაიდო. ის მოწმე გიორგი კეთილაძის დაკითხვით გაგრძელდება, რომელიც "საქართველოს განათლების ჯგუფის" ყოფილი დირექტორია და რომლის უშუალო ჩართულობითაც გაფორმდა , 2019 წელს, მხარეთა შორის მემორანდუმი და “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება.