პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2026”, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი: „ანაპეა“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“, „ანდრიას ღვინო“, „გოცას ღვინო“, „ართანა“, „გონჯების ღვინო“, „ბაცაშვილის ღვინის გალერეა“, „მანავი ვაინსი“ და „მეღვინეობა თილისმა“ მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „RAW Wine“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
მიმდინარე წელს პარიზის გამოფენაზე 16 ქვეყნის 200-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო.
„მიმდინარე წელს აქტიურად ვაგრძელებთ მცირე მარნების მხარდაჭერას, რათა მათი პროდუქცია ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე. RAW Wine ქართველ მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას მოიძიონ ახალი პარტნიორები და საექსპორტო ბაზრები. საქართველოს წარმოდგენა ბუნებრივი ღვინოების ამ პრესტიჟულ გამოფენაზე მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის, მცირე და საშუალო მარნების განვითარებისთვის. მსგავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მეღვინეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ საკუთარი პროდუქციის ხარისხსა და იმიჯზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
გამოფენას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე კოკაია და კონსული რუსუდან დიდებულიძე დაესწრნენ. „RAW Wine“-ზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყნაში მიიღებენ მონაწილეობას.













