საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, მიმდინარე და შესაძლო მომდევნო პროგრამა არ იყო დაკავშირებული დამატებითი ფინანსური რესურსების მიღებასთან - საქართველო აგრძელებს რეფორმებს და ფონდი არის ამ რეფორმების განხორციელების მხარდამჭერი და ნაწილი საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის სურვილი და სავალუტო ფონდის მზაობაა რეფორმების განხორციელების პროცესში ჩაერთოს და საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ექსპერტული შეფასებები გაუზიაროს.
„როგორც იცით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, მიმდინარე პროგრამა და შესაძლო მომდევნო პროგრამა ეს არ იყო დაკავშირებული დამატებითი ფინანსური რესურსების მიღებასთან. როგორც წესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, მოიცავს ხოლმე დამატებით ფინანსურ რესურსებს. ბუნებრივია, წვდომის შესაძლებლობა ჩნდება, თუმცა ეს თავიდანვე განცხადებული იყო საქართველოს მიერ, რომ ეს პროგრამა არ იყო დამატებითი საფინანსო რესურსის მოსაზიდად საქართველოში. ამ პროგრამის და წინა პროგრამების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა ფისკალური თუ მონეტარული მიმართულებით. ბუნებრივია, ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა მრავალმხრივია, მათ შორის, ეს არის გარკვეულწილად ტექნიკური დახმარების ფორმატი, რომელშიც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მსოფლიოში, ტექნიკური დახმარების მიღების რაოდენობით, როგორც ფისკალურ, ასევე მონეტარულ სფეროში და ამისთვის დიდი მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის.
ის მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს, რომ მივიღოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით, ეს არის შესაძლებელი მრავალმხრივ. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამასთან ერთად და პროგრამის გარეშე მუშაობა ყველა ვარიანტში მიმდინარეობს. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებით. პროგრამაში არის რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილიც და აქაც აღინიშნა, რომ საკმაოდ დიდი პროგრესია ამ რეფორმების განხორციელებასთან მიმართებით.
შესაბამისად, დღეს მიმდინარე სტატუსი სამომავლო პროგრამასთან მიმართებით არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თითოეულ იმ რეფორმასთან მიმართებით, რომელიც არსებულ პროგრამაშია და ასევე ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დაიდენტიფიცირდეს რეფორმები, რომელიც სამომავლოდ განხორციელდება, რომელ რეფორმებსაც ჩვენ ვაპირებთ და რომელ რეფორმებშიც გვჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, ექსპერტული თვალსაზრისით.
როცა ეს სამუშაო საბოლოოდ იქნება დასრულებული, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება გადაწყვეტილებაც და მსჯელობაც, ეს მიიღებს პროგრამის სახეს თუ ინდივიდუალურად, რეფორმებთან მიმართებით თანამშრომლობის სახეს. საბოლოოდ, შედეგი ამ თანამშრომლობის არის ერთი და იგივე. როგორც რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე თუ ეს რეფორმები სხვა ფორმატში ჩამოყალიბდება, ამ მხრივაც ფონდი იქნება მზად რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს.
რეფორმები, რომელიც დაწყებულია, მათი ნაწილი დასრულდა, ნაწილი მიმდინარეა, ამ რეფორმებს საქართველოს მთავრობა აგრძელებს, ჩვენი სურვილი და სავალუტო ფონდის მზაობა არის, რომ ამ რეფორმებში ჩაერთოს და მოგვაწოდოს თავისი ექსპერტული შეფასებები, დაგვეხმაროს ამ რეფორმებს განხორციელებაში. საქართველო აგრძელებს რეფორმებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ რეფორმების განხორციელების მხარდამჭერი და ნაწილია საქართველოში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.