ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პერსელთან.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განიხილეს ეკონომიკა, სანქციები და „ტრამპის მარშრუტი“.

"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა საბაჟო დეპარტამენტის ეფექტურ მუშაობას და მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოს საბაჟო კონტროლის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში გამავალი სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, აშშ პრეზიდენტის ინიცირებულ TRIPP პროექტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე და საქართველოს როლზე ამ პროცესში", - წერს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

საელჩოს ცნობით კი, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილბოდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.

„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა

დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.