ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა იკრძალება. ამის შესახებ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონშია აღნიშნული, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

დოკუმენტის თანახმად, ამ კანონის ამოცანებია: შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან; შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

მათ შორის, კანონი ადგენს პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგად მოთხოვნებს.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით. უფრო კონკრეტულად:

ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებისა, სადაც საბლის გარეშე გადაადგილებაც იქნება ნებადართული;

აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

ცხოველთან ერთად მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

როგორც კანონშია აღნიშნული, ეს შეზღუდვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

წყარო: BPN.GE