ნედლი რძის  დეფიციტის  და ამის გამო გახშირებული ფალსიფიცირების ფაქტების თემა ბოლო წლებია აქტუალურია. როგორც  საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან'' აცხადებს, საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  კი ამ კუთხით კანონის აღსრულების მექანიზმს უკავშირდება.

როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა საუკეთესოა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი აქვს იმ დონეზე, რომ არსებულ გამოწვევას გაუმკლავდეს.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, რძის წარმოება ქვეყანაში სეზონურია, მარაგები ზამთარში ფაქტობრივად არ არის, რის გამოც დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტული, გაურკვეველი წარმოშობის რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმები, რასაც მცირე მწარმოებლები თითქმის მასიურად იყენებენ.

მისი ინფორმაციით, არაერთი შემთხვევაა ასევე, როცა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები სოფელთან და გლეხურ მეურნეობებთან ასოცირებულ  სახელებს  ბრენდად იყენებენ და არასათანადო პირობებში წარმოებულ პროდუქტს სოფლის ნაწარმად ასაღებენ.

‘’რძის საწარმოების უმეტესობა ისე იხსნება, არც აღიარების კოდი აქვთ და არც შემოწმება აქვთ გავლილი. თუკი ფაქტს სურსათის უვნებლობის სააგენტო აღმოაჩენს, მეწარმეს წარმოება უჩერდება, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან, უკვე სხვა ფართს ეძებენ, სარდაფებში აგრძელებენ საქმიანობას და გაუგონარ პირობებში წარმოებული პროდუქტები (რძე, ყველი და მაწონი) გლეხებთან ასოცირებული სახელებით იბრენდება.  ყველაზე ხშირად კი გამოიყენება ‘’ბებო“, რომელსაც სინამდვილეში სოფელში მცხოვრები დიასახლისების მიერ წარმოებულ პროდუქტთან არაფერი აქვთ საერთო.  თუმცა მსგავსი ეტიკეტირებით ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ გლეხურია, არ უნდა შეეხონ! ამ დროს  წარმოებული პროდუქტი სერიოზული რისკების შემცველია. კაცმა არ იცის, რა პირობებში და რა ხელით მზადდება“, -  აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

მისი ინფორმაციით, ხარისხის კუთხით პრობლემა ფაქტობრივად არ არის მსხვილ საწარმოებში, სადაც პროდუქტი სტანდარტის დაცვით იწარმოება.

რაც შეეხება გამოსავალს, როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია რეგლამენტის დაცვა მოხდეს და ამაში თანაბრად ჩაერთოს სამი სუბიექტი:  მომხმარებელი, სახელმწიფო და მწარმოებლები.

,,ფერმერის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან წარმოების პროცესში კეთილსინდისიერება მისი მოვალეობაა. არ უნდა მოგატყუოს. სახელმწიფო ვალდებულია, კანონი აღსრულების მხრივ მოაგვაროს სიტუაცია.  თუმცა მომხმარებლისთანა საიმედო პარტნიორი სახელმწიფოს არ ჰყავს.  მყიდველი გამადიდებელი შუშით უნდა ამოწმებდეს, აკვირდებოდეს და ამოწმებდეს  ეტიკეტს და ნებისმიერ დარღვევაზე მოითხოვოს რეაგირება. სხვა არაფერი შველის, რადგან სურსათის უვნებლობის მხრიდან ზომების გააქტიურების მიუხედავად, პრობლემა ვერ გვარდება, გაცილებით ბევრი ფაქტია და ამის კონტროლს ერთი უწყება ფიზიკურად ვერ გასწვდება“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ცნობისთვის,  საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს.

BP.GE