საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტთან სანდრო ლომაძესთან და „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტ ჯერომ გაპლისთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2027 წლიდან 2030-ის ჩათვლით საქართველო „ევრონასკარის“ მასპინძელი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

2027 წელს ჩატარდება პირველი სატესტო რბოლა, 2028-30 წლებში კი ოფიციალური, კალენდარული ეტაპები გაიმართება.

„ევრონასკარის“ სერიების საქართველოში ჩატარების შესახებ „NASCAR-ის“ ევროპის სერიების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის მარტში, სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია და სიამოვნებით ვიწყებთ საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობის შესწავლას. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ქართულ გუნდთან - ქართველ მრბოლელებთან და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან. ეს ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, პირადად გაგვეცნო საქართველო, რომელიც მართლაც საოცარი ქვეყანაა. NASCAR-ის საქართველოში ჩამოყვანა კი უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც დიდ პერსპექტივას ქმნის ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა  „NASCAR“-ის ევროპის სერიების პრეზიდენტმა ჯერომ გაპლიმ.

„ევრონასკარის“ 2026 წლის ჩემპიონები ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია - გახდნენ.

სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება „მასტერსის” კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი „ჩელენჯერ თროფიში”. ევროპული „ნასკარის“ სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.

საქართველო 2026 წლის „ევრონასკარზე“ ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია - ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen”-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.

მრბოლელები ევროპის სერიებზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. სანდრო ქაჯაიამ NASCAR EURO SERIES-ის ბელგიის ფინალური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, რვა ეტაპის ჯამში კი „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„NASCAR“-ის ევროპის სერიებზე კერძო სპონსორების მხარდაჭერით იმყოფებოდა ქართული გუნდი „კოლხი”. „კოლხის” შემადგენლობაში დავით ქაჯაია და მარიამ დავითაძე არიან. მარიამ დავითიძე „ლედი ჩელენჯის” კლასს წარმოადგენდა.

„NASCAR-ის“ ევროპის სერიები 2008 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პროფესიონალი ავტომრბოლელები.

ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე" საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს პირველად ასპარეზობდნენ.