ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება. წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.
„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.
უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.
კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.
გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.
კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.













