უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ გაყიდა თავისი წილი ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ BYD-ში, რითაც დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. Forbes Global-ის ცნობით, 2008 წელს დაწყებულმა ინვესტიციამ კომპანიას მილიარდობით მოგება მოუტანა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Berkshire Hathaway Energy-მ, რომელიც ფლობდა BYD-ის აქციებს ჰონკონგსა და შენჟენში, განაცხადა, რომ 2025 წლის მარტიდან ჩინელი მწარმოებლის აქციებს თავის პორტფელში აღარ ფლობდა.

BYD-ის აქციების გაყიდვა 2022 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც Berkshire-მა BYD-ის 1.33 მილიონი აქცია გაყიდა საშუალოდ 277 ჰონკონგური დოლარის (35.70 აშშ დოლარი) ფასად. მისი წილის თანდათანობითმა შემცირებამ ამერიკული ფონდის მონაწილეობა ნაკლებად შესამჩნევი გახადა და მას შემდეგ, რაც მისი წილი 5%-ზე დაბლა დაეცა, კომპანიამ შეწყვიტა დეტალების გამჟღავნება ფინანსურ ანგარიშგებაში.

ბაფეტი BYD-ში 2008 წელს შევიდა, დაახლოებით 230 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო 225 მილიონ აქციაში, რომლის ფასიც 8 ჰონკონგური დოლარი იყო, რითაც დაახლოებით 10%-ის მფლობელი გახდა. მომდევნო წლებში აქციების ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა და BYD გლობალური ბაზრის ლიდერი გახდა.

2023 წელს კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვებით პირველად გაუსწრო ილონ მასკის Tesla-ს, ძირითადად მისი ფართო მოდელის ასორტიმენტისა და კონკურენტუნარიანი ფასების წყალობით.

დღესდღეობით BYD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ ჰონკონგურ დოლარს (137 მილიარდი აშშ დოლარი) აჭარბებს. კომპანიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ვანგ ჩუანფუ, Forbes-ის რეალურ დროში მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, 24.4 მილიარდი დოლარის ქონებით ჩინეთში მე-11 უმდიდრესი ადამიანი გახდა.

წარმატებების მიუხედავად, BYD-ს გამოწვევები აწყდება. კომპანია, სავარაუდოდ, 2025 წელს 5.5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვების სამიზნეს ვერ მიაღწევს. ეს გამოწვეულია კონკურენციის ზრდით და პეკინის უკმაყოფილებით ინდუსტრიაში ფასების ომის ფონზე, რომელიც, მთავრობის აზრით, ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხრის.

„დოიჩე ბანკის“ შეფასებით, BYD 2025 წელს დაახლოებით 4.7 მილიონ ავტომობილს გაყიდის, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია. „მორნინგსტარის“ ანალიტიკოსებიც მსგავს პროგნოზს გვთავაზობენ: 4.8 მილიონი ავტომობილი.