დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დანიის კონტროლი გრენლანდიაზე „არასამართლიანია“. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა გააკეთა. მისივე თქმით, კოპენჰაგენს არ შეუძლია კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში მილერმა განაცხადა, რომ დანიამ გრენლანდიის დაცვა ვერ შეძლო და, შესაბამისად, არ აქვს უფლება, ფლობდეს მას.

„მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ყველა იმ სამართლებრივი ნორმის მიხედვით, რომელიც ბოლო 500 წლის განმავლობაში არსებობდა, ტერიტორიის კონტროლისთვის აუცილებელია მისი დაცვის, განვითარების და დასახლების უნარი, და დანიამ ყველა ეს მოთხოვნა ჩააგდო“, - განაცხადა მილერმა.

მილერის თქმით, ვაშინგტონი „არასამართლიანად“ მიიჩნევს იმას, რომ გრენლანდიის დაცვას აშშ „აფინანსებს“ მაშინ, როცა კუნძული დანიის კონტროლის ქვეშ რჩება.

„ეს არის უსამართლო შეთანხმება. ეს არის არაკეთილსინდისიერი შეთანხმება. და რაც მთავარია, ეს უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებიც უკვე მრავალი თაობის განმავლობაში ახორციელებენ ევროპის მთლიანი თავდაცვის სუბსიდირებას“, - თქვა მილერმა.

მან ასევე გაიმეორა თეზისი, რომ გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.