მართალია, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა მის დაქირავებულ მებრძოლებზე („ვაგნერის ჯგუფი“) და ისინი რუსეთის „აფრიკულ კორპუსში“ გააერთიანა, თუმცა მისმა ვაჟმა შეძლო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (ცარ) ოჯახური „ბიზნესი“ შეენარჩუნებინა. დიპლომატებისა და იმ გამომძიებლების ცნობით, რომლებიც „ვაგნერის“ საქმიანობას აკვირდებიან, ამაში მას თავად ცარ-ის პრეზიდენტი, ფოსტენ-არშანჟ ტუადერა დაეხმარა. ტუადერამ მოსკოვში დიპლომატიური გზავნილი გაგზავნა და კრემლს სთხოვა, მის ქვეყანაში მყოფი „ვაგნერის“ მებრძოლები რუსეთის რეგულარული არმიის სამხედროებით არ ჩაენაცვლებინათ.
ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „ვაგნერის“ დაახლოებით 500 წევრი იმყოფება; ისინი პრეზიდენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რომლის ძალაუფლებასაც ამბოხებული დაჯგუფებები ემუქრებიან. ტუადერამ ისინი ადგილობრივ პოლიციაში, არმიასა და სადაზვერვო სამსახურებში ჩართო. გაიზარდა მათი შემოსავლის წყაროებიც: ჟენევაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის — „გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (Global Initiative Against Transnational Organized Crime) — მონაცემებით, თუ ევგენი პრიგოჟინის სიცოცხლეში „ვაგნერი“ მხოლოდ ოქროს მოპოვებით იყო დაკავებული, მისი ვაჟის, პაველის ხელმძღვანელობით, დაჯგუფებამ კონტროლი კიდევ რამდენიმე მაღაროზე დაამყარა.
როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, მამის გარდაცვალების შემდეგ 25 წლის პაველ პრიგოჟინმა მემკვიდრეობით მიიღო იმპერია, რომელიც მოიცავს დაქირავებულ მებრძოლებს, ოქროსა და ოპიოიდების კონტრაბანდისტებს, ასევე ლუდისა და არაყის მწარმოებლებს. საგამოძიებო არაკომერციული ჯგუფის — All Eyes on Wagner-ის ხელთ არსებული სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამამ ანდერძში პაველი თავის მთავარ მემკვიდრედ დაასახელა. „გლობალური ინიციატივის“ ცნობით, პაველის მმართველობის პერიოდში „ვაგნერის ჯგუფის“ ლეგალური და არალეგალური ბიზნესოპერაციების წლიურმა ბრუნვამ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სანქტ-პეტერბურგიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ჩასვლისას, პაველი ჩერდება მდიდრულ სასტუმრო Ledger Plaza-ში, რომელიც „ვაგნერის ჯგუფის“ შტაბ-ბინის ფუნქციას ასრულებს. სასტუმროს იცავენ ნიღბიანი „ვაგნერელები“, რომლებიც ავტომატური იარაღით არიან შეიარაღებულნი. გამომძიებლებისა და ადგილობრივი თანამდებობის პირების თქმით, პრიგოჟინთან შეხვედრამდე უსაფრთხოების შემოწმების გავლა უწევთ მაღალი რანგის სამთავრობო ჩინოვნიკებსა და დიპლომატებსაც კი.
„ვაგნერის ჯგუფის“ მოქმედი და ყოფილი წევრების ცნობით, აპრილში პაველმა სასტუმროში შეკრიბა დაჯგუფების ხელმძღვანელობა და სამთავრობო პირები — მათ შორის, სამთო მრეწველობის მინისტრი რუფინ ბენამ ბელტუნგუ — რათა განეხილათ ოქროს უცხოურ ბაზრებზე კონტრაბანდული გზით გატანის მეთოდები. მიზანი საერთაშორისო კონტროლისთვის თავის არიდება იყო, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების — ოქროს უახლოესი მსხვილი ბაზრის — გვერდის ავლით უნდა მომხდარიყო.
როგორც ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა“ (Global Initiative) იუწყება, მანამდე პაველმა — მთავრობის დუმილით თანხმობის ფონზე — გააფართოვა საქმიანობა ქვეყნის უდიდეს ოქროს მაღაროში (რომელიც მისმა მამამ მიიტაცა) და მასშტაბები წელიწადში 250 მილიონ დოლარამდე გაზარდა. სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე ბელტუნგუმ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს „ვაგნერის ჯგუფთან“, თანხმობა განაცხადა, ხელი შეუწყოს ოქროს ექსპორტს; ამისთვის ოფიციალურ დოკუმენტაციაში ოქრო „სახელმწიფო საკუთრებად“ უნდა გაფორმებულიყო.
ადგილობრივი თანამდებობის პირებისა და ანალიტიკოსების თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ოქროს პარტიები ბელარუსში გაიგზავნა. პაველმა ასევე გააგრძელა მამის საქმიანობა იარაღით ვაჭრობის სფეროში და იარაღით ამარაგებს მეამბოხე დაჯგუფებებს სუდანსა და ლიბიაში. გარდა ამისა, „ვაგნერის ჯგუფი“ აკონტროლებს არაყ „ვა-ვა-ვა“-ს („ცეცხლი და ცეცხლი“) და ლუდ „აფრიკა ტი ლ’ორ“-ის („აფრიკა ოქროა“) წარმოებასა და გაყიდვას. ევგენი პრიგოჟინს სანქტ-პეტერბურგში დაარსებული ჰქონდა ე.წ. „ტროლების ფაბრიკა“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „ვაგნერის ჯგუფი“ აფინანსებს ადგილობრივ რადიოსადგურებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტუადერას და ავრცელებენ ანტიდასავლურ, პრორუსულ პროპაგანდას.
„ამ აფრიკულ ქვეყანაში პაველმა მარტივად გააგრძელა მამის გზა“, — აცხადებს ნატალია დუხანი, ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივის“ უფროსი მკვლევარი.
პაველმა თავის „აქტივების პორტფოლიოს“ ნარკოტიკებით ვაჭრობაც დაამატა და ამჟამად აკონტროლებს ოპიოიდური პრეპარატ „ტრამადოლის“ ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. Wall Street Journal-ის ცნობით, ბანგის მცხოვრებლებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ აკავებენ ქუჩაში ნიღბიანი „ვაგნერელები“ (ადგილობრივ პოლიციასთან ერთად) იმ პირებს, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდნენ, თუმცა ამის შესახებ მის ორგანიზაციასთან შეთანხმება არ ჰქონდათ გაფორმებული.
ლუ ოსბორნმა, შვეიცარიული არაკომერციული ორგანიზაცია Inpact-ის გამომძიებელმა (რომელიც აფრიკაში „ვაგნერის“ საქმიანობას აკვირდება), გამოცემას განუცხადა:
„ვაგნერი ძლიერი, სპეცდანიშნულების რაზმის ტიპის კერძო სამხედრო კომპანიიდან გარდაიქმნა არაფორმალურ ქსელად, რომელიც, როგორც ჩანს, ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის სახეს იღებს. ვვარაუდობ, რომ პაველს საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს — რაც იმას ნიშნავს, რომ მან ან კრემლთან დადო გარიგება, ანდა, როგორც საფრთხე, განეიტრალებულია“.













