როგორც Kaspi.kz-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 25 მარტისთვის, მიხეილ ლომთაძის კუთვნილი ყაზახური ონლაინ ბანკი და მარკეტპლეისი, Kaspi.kz, ლონდონის საფონდო ბირჟიდან თავისი აქციებისა და გლობალური დეპოზიტარი ქვითრების (GDRs) დელისტინგს განახორციელებს.

კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟიდან აქციების გატანის გადაწყვეტილებას ვაჭრობის დაბალი მოცულობითა და ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მართვის ხარჯები არაპროპორციული სიძვირით ხსნის.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi.kz-ის აქციები 2020 წლის 16 ოქტომბრიდან ივაჭრება. IPO-ს დღეს კომპანიის ერთი აქცია 42,25 დოლარი ღირდა.

ლონდონის ბირჟაზე დალისტვიდან ერთ წელიწადში კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და 2021 წლის 29 ოქტომბერს ერთი აქციის ფასი 145 დოლარი გახდა.

მოგვიანებით ფასი მკვეთრად შემცირდა და კომპანიის აქციაზე ყველაზე დაბალი ფასი, 38,35 დოლარი 2022 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Kaspi.kz-მა IPO აშშ-ის უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე გამართა, რომელიც შეერთებულ შტატებში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი, ხოლო 2024 წელს ერთ-ერთი პირველი IPO იყო.

ამერიკის ტექნოლოგიურ ბირჟაზე IPO-ს განხორციელების შემდეგ kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულებამ 17,95 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი კომპანია 2021 წლის 29 ოქტომბერს ღირდა, როცა მისი საბაზრო ღირებულება 27,24 მლრდ დოლარს შეადგენდა.

დღეის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის 23%-ს ვიაჩესლავ კიმი, ხოლო მიხეილ ლომთაძე 25%-ს ფლობს. 28% Baring Vostok Capital Partners-ში შემავალი ფონდის მფლობელობაში, ხოლო 21% თავისუფალ მიმოქცევაშია.

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 657-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 4.5 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.