რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს საგანგებო სიტუაციებში 600 მგვტ ელექტროენერგიის იმპორტის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას რუსული მედია Inter Rao-ს მმართველობის წევრის ალექსანდრა პანინას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიახ, ჩვენ მოვითხოვეთ აზერბაიჯანისგან, ხოლო საქართველოს ელექტროენერგიის მოწოდების შესაძლებლობის შესახებ ვკითხეთ. ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს განვიხილავთ და ამ მოთხოვნით ორი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემებს მივმართეთ, რათა მათ ელექტროენერგია ავარიული რეჟიმების დროს მოგვაწოდონ. საუბარია 300 მგვტ ენერგიაზე“, - განაცხადა მან.

პანინას განმარტებით, საქართველოსგან და აზერბაიჯანისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

Inter Rao-ს მმართველობის წევრის ინფორმაციითვე, კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში 300 მვტ-ის ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ის ამბობს, რომ ქვეყანას ამ დროისთვის ამის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ალექსანდრე პანინა აღნიშნავს, რომ რუსეთს სამხრეთით ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და თურქეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების რესურსი არ აქვს.