SWIFT-ის ასეთი მოხშირებული ხსენება ამ კონტექსტში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ეფექტური საგადახდო სისტემისა, ამის ხსენება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღის, ანუ ამის იარაღად ქცევა, საბოლოო ჯამში, თვითონ SWIFT-ს ასუსტებს და იწვევს სურვილს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ალტერნატივებზე იფიქრონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირია პირველი, ვინც მუშაობას დამოუკიდებელ საგადახდო სისტემაზე იწყებს და არ არის გასაკვირი, რომ სხვა ქვეყნებიც იმავეს ფიქრობდნენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ, განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკოსები, ასევე, უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სანქციების მექანიზმს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს ისე, რომ არც დასაბუთება არის ჩვენთვის ყოველთვის გასაგები, არც გამჭვირვალე არ არის და არც რაიმე არბიტრაჟის შეპასუხების შესაძლებლობა არსებობს. ანუ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია და არ აღწევს იმ მიზანს, რისთვისაც თავის დროზე ალბათ, სანქციები იყო მოგონილი და უფრო იწვევს იმედგაცრუებას მოსახლეობაში და გულის წყრომას ფართო საზოგადოებაში. განსაკუთრებით, როდესაც უსამართლობის შეგრძნება არის. იგივე თუნდაც ჩვენი საფინანსო და საბანკო სისტემის, თუნდაც "ქართუ ბანკის" მიმართ, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული საბანკო ინსტიტუტის მიმართ ასეთი მოწოდების გაჟღერება, თუნდაც ეს მხოლოდ პოლიტიკის რიტორიკის დონეზე იყოს, ძალიან უსამართლოა. იმიტომ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ამ თვალსაზრისით.

სხვა საკითხია ჩვენ რას ვფიქრობთ ამ სანქციების სამართლიანობასა და უსამართლობაზე, მაგრამ ქვეყნები შემოიღებენ სანქციებს და ჩვენი საფინანსო სისტემა ვალდებულია იქ სადაც დოლარს და ევროს ეხება საკითხი ზედმიწევნით დავიცვათ, რადგან ეს აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. ეს ეხება ფულის გათეთრების წესებს, თუ სანქციების წესებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე იცავენ მათ შორის, "ქართუ ბანკიც", სადაც ფორმალური პრობლემა არ არსებობს და საყვედური არავის არ ეთქმის. ამიტომ, ეს არის ისევ და ისევ უსამართლო.

ევროკავშირში სულ უფრო ხშირია საუბარი ე.წ. სტრატეგიულ ავტონომიაზე საგადახდო სისტემაში. ევროკავშირის ქვეყნებიც კი დაფიქრდნენ, რომ SWIFT-ისგან დამოუკიდებელი, VISA-სგან და MASTERCARD-ისგან დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა შეექმნათ. თვითონ ასეთი წამდაუწუმ გაცვეთა SWIFT-ის ხსენების პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში პირველ რიგში, თვითონ SWIFT-ს და ამ სისტემის მონაწილე, შემქმნელ ქვეყნებს, რადგან ამ სისტემის ნდობა ამ თვალსაზრისით იკარგება. ევროკავშირია პირველი, ვინც სტრატეგიულ ავტონომიაზე და დამოუკიდებელ საგადახდო სისტემაზე იწყებს მუშაობას და რა გასაკვირია სხვა ქვეყნებიც იმავეს ფიქრობდნენ", - აცხადებს ნათია თურნავა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  VISA და არც MASTERCARD-ის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც VISA და არც MASTERCARD-ი არსად არ გადის.

"ეს ან შეგნებული სპეკულაცია იყო, რომ პანიკა დაეთესათ, ან რაღაც მისკომუნიკაცია. არიან წარმოდგენილები საქართველოში და დიდი ხანია არიან ჩვენი საბანკო სისტემის პარტნიორები და ბაზრის რაღაც წილს ყოველთვის შეინარჩუნებენ. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ 2015 წლიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ალტერნატიული საგადახდო ფინტექ მექანიზმები ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ღია ბანკინგის მექანიზმები, რომელიც დანერგილია. ეს ბაზარზე ალტერნატივებს და კონკურენციას ქმნის და მარჟებსა და დანახარჯებს ამცირებს. ეს არ უშლის ერთმანეთს ხელს და ნებისმიერ განვითარებულ ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში ეს პარალელურად არის" - განაცხადა ნათია თურნავამ.