,,ენერგო-პრო ჯორჯია” კომენტარს აკეთებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამართული განხილვის შესახებ, რომელზეც არაერთგზის გაჟღერდა კომპანიის სახელი.

გასულ დღეებში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი განხილვისას, ერთ-ერთმა მომხსენებელმა, არაერთგზის გააჟღერა ცრუ ბრალდებები ,,ენერგო-პროს” მიერ ,,ორთაჭალჰესის” შესყიდვის თუ ჯგუფის წარმომავლობის შესახებ. ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” ცალსახად აცხადებს, რომ კომისიაზე გამოთქმული მოსაზრებები არის სრული სიცრუე, მიუღებელი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსურ მცდელობას წარმოადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ცილისწამების ტირაჟირება არაერთგზის მომხდარა გასულ წლებშიც, თავს ვთვლით ვალდებულად განვმარტოთ, რომ ,,ენერგო-პრო ჯგუფი” დაფუძნებულია 1994 წელს, ჩეხეთის ქალაქ სვიტავში. ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში უკვე 19 წელია. სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ყველა ინფორმაცია მუდმივად არის საჯარო და ტრანსფარენტული.

2006 წელს საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯგუფმა“ მრავალჯერ განახორციელა დამატებითი აქტივების შესყიდვა და ჩამოყალიბდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში უმსხვილეს ჯგუფად. რა თქმა უნდა, ყველა დამატებით შესყიდვა და ინვესტიცია ხორციელდებოდა პატიოსანი ბიზნესწარმოების პრინციპების და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამის საპირისპიროდ კი ხაზგასასმელია, რომ შესყიდული აქტივების უმეტესობას, მუდამ აშკარად ეტყობოდა კორუფციული სქემების შედეგად მიღებული სერიოზული ზიანი. ასეთივე იყო ,,ორთაჭალჰესი“ თუ სხვა აქტივები. ,,ორთაჭალჰესის“ შესყიდვა ,,ენერგო-პრო ჯგუფმა“ განახორციელა ღია კონკურსის წესით 2009 წელს, ხოლო მისი ღირებულება, 25 მილიონი დოლარი, სრულად ჩაირიცხა ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. აგრეთვე, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა კახეთის ქსელურ კომპანიაშიც, რომელიც ,,ენერგო-პრომ“ სულ რაღაც 7 წლის წინ შეიძინა ასევე ღია კონკურსის წესით და 2 წელიწადში, ფინანსური თუ კომერციული შედეგებით გარდაქმნა ერთ-ერთ მოწინავე, თვითკმარ რეგიონად.

გასული 18 წლის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი პრობლემისა თუ წინაღობისა, ასეთივე წარმატებით განხორციელდა ყველა შეძენილი აქტივის გადაიარაღება, განახლება და დღეს ყველა მათგანი შეუფერხებლად ემსახურება საქართველოს ენერგეტიკის დარგის მდგრადობას.

ცილისწამებას, თითქოს ENERGO-PRO შესაძლოა იყოს რუსული კომპანია, თუნდაც ის ფაქტიც ეწინააღმდეგება, რომ 2023 წელს აშშ-ს მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაციამ („DFC“), ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში, 545 მილიონი აშშ დოლარის უპირობო და შეუქცევადი საკრედიტო გარანტია გასცა ,,ენერგო-პრო ჯგუფზე“, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა. ეს იყო DFC-ის პირველი გარანტია, რომელიც გაიცა ევროპულ კომპანიაზე ევროპაში ობლიგაციების გამოშვებისთვის და პირველი გარანტია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის აქტის ფარგლებში. აქტის მიზანი კი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, და დამოკიდებულების შემცირება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებულნი ვართ, რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება.