ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.ნათია თურნავა, რომელიც აშშ-ში ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა, საქართველოში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებით დაბრუნდა. მით უმეტეს, რომ მის პოზიტივს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამყარებს.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია. ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზეა რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით - 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.

„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორია რა თქმა უნდა ინვესტიციები. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია.

დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%-ი, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.