საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით); მშენებლობა - 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით); სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 პროცენტით). 2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების - 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6 ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.