Freedom Holding Corp თურქული ბანკის - Turkish Bank AS-ის, შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ „Bloomberg“-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა. Freedom Holding-ში „Forbes Kazakhstan“-ს დაუდასტურეს, რომ თურქეთის ბაზარზე ბიზნესის განვითარებას სურთ.
აღნიშნულია, რომ გარიგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, ტრანზაქციის დასასრულებლად თურქეთის მარეგულირებელი ორგანოს თანხმობაა საჭირო.
„ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ზოგადად დაინტერესებულები ვართ თურქეთის ბაზარზე ჰოლდინგის განვითარებით, მათ შორის ჩვენი ციფრული ბანკის გაფართოების გზით. თუმცა, ჩვენ არ ვართ მზად კომენტარი გავაკეთოთ განსახილველ ბანკებზე ან მოლაპარაკებების დეტალებზე“, - განაცხადეს Freedom Holding-ის პრესსამსახურში.
ტიმურ ტურლოვი Freedom Holding Corp.-ის დამფუძნებელი და მთავარი მფლობელია, რომლის წილი დაახლოებით 70%-ია. 2025 წელს ტურლოვი Forbes Kazakhstan-ის ყაზახეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეორეზე ავიდა - რეიტინგის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ მისი ქონება მაისში 3.3 მილიარდი დოლარიდან 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის რეგულატორმა Freedom Bank Kazakstan-ს შვილობილი ორგანიზაციის – Freedom Bank Georgia-ს შექმნის ნებართვა მისცა.
„სააგენტოს საბჭომ მიიღო 2025 წლის 25 ნოემბრით დათარიღებული №77 დადგენილება ყაზახეთის სააქციო საზოგადოება „ფრიდომ ბანკისთვის“ შვილობილი კომპანიის - „ფრიდომ ბანკ საქართველოს“ სააქციო საზოგადოების დაარსების ნებართვის გაცემის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„ფრიდომ ბანკი ყაზახეთი“ ქვეყანაში მოქმედ 23 ბანკს შორის მეათე ადგილს იკავებს აქტივების მოცულობით – 2,4 ტრლნ ტენგე ($4,6 მლრდ).













