პროკრედიტ ბანკმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა პროპარკომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ARIZ პორტფელის თანამონაწილეობაზე, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროპარკო, პროკრედიტ ბანკთან ერთად გარკვეულ სესხებზე საკრედიტო რისკის ნაწილს იზიარებს.

პროკრედიტი პირველი ბანკია, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოში პირველ ARIZ პორტფელის თანამონაწილეობის ხელშეკრულებას. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, საგარანტიო ინსტრუმენტის საერთო მოცულობა 10 მილიონ ევროს შეადგენს, მოქმედების პერიოდი კი 2 წელს, რომლის განმავლობაშიც მიზნობრივი სესხები საგარანტიო პროგრამის პორტფელში შევა. მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და არსებობს ინსტრუმენტის საერთო მოცულობის გაზრდის პოტენციალი.

გარანტიის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ინკლუზიური და რეგიონულად დაბალანსებული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა ფოკუსირდება სამ მიმართულებაზე:

  • მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა უფრო მოქნილი დაფინანსების პირობებით, განსაკუთრებით რეგიონებში
  • ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური აქტივობის გაძლიერება, მათ შორისმწვანედა მდგრადი პროექტების მხარდაჭერა
  • ქალი მეწარმეების ხელშეწყობა.

პარტნიორობის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი გაზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ბიზნესების გაფართოებას და წვლილს შეიტანს სამუშაო ადგილების შექმნაში. შეთანხმება ასევე ასახავს პასუხისმგებლიანი დაფინანსებისადმი ერთობლივ ერთგულებას, სადაც ორივე მხარე იცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) მაღალ სტანდარტებს.

ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს პროკრედიტ ბანკის როლს, როგორც სანდო პარტნიორს ადგილობრივი ბიზნესებისთვის და ხელს უწყობს საქართველოში უფრო ძლიერი, დივერსიფიცირებული და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.