ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის იზოლაციის რისკებს წარმოშობს. იზოლაცია, კი საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ცვლილებების არსის განმარტებისას თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ცვლილებების შედეგად „ოფშორებში ბიზნესის კეთება საინტერესო აღარ არის. გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა. ამიტომ, ბევრი ამ ოფშორებიდან გადის“.

ეს, გარკვეულწილად, მართალია. მსოფლიომ ოფშორული ზონების რეგულირება დაიწყო. წლევანდელი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმად წესდება „მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი“ (GMCT).

ამ დროს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საქართველო ოლიგარქებისათვის და სხვა სანქცირებული პირებისთვის უსაფრთხო სივრცედ იქცევა. გამოდის, რომ საქართველო ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის იმ შავ ფულს, რომელიც ოფშორებში ირეცხება. აქვე უნდა გავიხსენოთ ეროვნული ბანკის ბრძანება - კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. მართალია, ბრძანება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, მაგრამ ეს ჩანაწერი გასაჩივრებულია დისკრიმინაციის საბაბით.

დისკრიმინაციაზე გამახსენდა, ჩვეულებრივი მოკვდავები 300 ლარს ზემოთ შემოტანილ საქონელზე გადასახადს გადავიხდით. ხოლო საეჭვო წარმომავლობის მილიარდების მფლობელები კაპიტალის და ქონების შემოტანისას არ დაიბეგრებიან. როგორ მოგწონთ?

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ერთის მხრივ, აგენტების კანონით გაუმჭვირვალობას ვებრძვით. მეორე მხრივ, კი სწორედ გაუმჭვირვალე და საეჭვო წარმოშობის ფულის ქვეყანაში შემოსვლას სასათბურე პირობებს ვუქმნით.
მართლაც პარადოქსების ქვეყანაა საქართველო.

ავტორი: ზვიად გიუნაშვილი