გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა და ერთ-ერთი გადაულახავი ბიუროკრატიული ბარიერია, რასაც იმპორტიორებს ხელოვნურად უქმნიან

საავტომობილო თხევადი გაზის ფასი ბენზინის ფასს უახლოვდება. თავის დროზე ამ საწვავზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ფასით იყო განპირობებული, რადგან მძღოლებისთვის ეკონომიურ, ბენზინის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნეოდა და ასეც იყო. სანამ თხევად გაზზე აქციზის გადასახადს  დააწესებდნენ, საკმაოდ იაფიც ღირდა. ამ ეტაპზე კი მისი გაძვირების საფუძველი ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ, დარგის სპეციალისტები კი თხევადი გაზის გაძვირებას გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საავტომობილო თხევადი გაზის ფასის ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმპორტიორებს განუსაზღვრელი დროით აჩერებენ საბაჟოზე, რამაც ფასზე გავლენა მოახდინა.

„21 ივლისიდან, დავაანონსეთ, რომ საავტომობილო თხევადი გაზი გაძვირდებოდა და თან დავიწყეთ თხევადი გაზის გაძვირების მიზეზების შესწავლა. წინა კვლევის შედეგად მოგახსენებთ, რომ ოთხმოცამდე გაზმზიდი იმყოფებოდა ნატახტრისა და ლარსის ე.წ. ტირ-პარკებში და ორი-სამი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ მოძრაობის დაწყების ნებართვას.

ტირ-პარკების მეპატრონეებს, სხვადასხვა ფასიანი სერვისების გარდა, მოწყობილი აქვთ შიდა ტერიტორიაზე მაღაზიები და კვების ობიექტები. მანქანების გაშვება არ იწყებოდა სანამ აღნიშნული მაღაზიები და კვების ობიექტები არ შეასრულებდნენ მათთვის დაწესებული ნავაჭრის გეგმას. პროდუქტებზე მაღალი ფასები ხომ ჩვეული ნორმაა, მაგრამ ერთი ფურცლის ქსეროასლის გადაღებაში 2 ლარს რომ გადაგახდევინებენ, აქ კომენტარი უკვე ზედმეტად მიმაჩნია", - დაწერა შენგელიამ.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ტირ-პარკების გარდა გადაზიდებისთვის პრობლემების შექმნაში ლარსის საბაჟომ უფრო თვალშისაცემ შედეგებს მიაღწია. კერძოდ, კონკრეტული ფაქტების მაგალითებიდან დგინდება, რომ სავარაუდოდ, საბაჟოს თანამშრომლები ხელოვნურად ქმნიან წინაპირობას, რომ გადამზიდებს დაუფიქსირონ არადეკლარირებული ტვირთი ზედმეტი რაოდენობის სახით, ანუ იმაზე მეტი, რაც დეკლარაციაში და სხვა თანმხლებ საბუთებში არის ნაჩვენები.

,,ზედმეტი ტვირთის დაფიქსირება ხდება ცისტერნა-მისაბმელის აწონვით. აღნიშნული ცისტერნა-მისაბმელი წესით უნდა აიწონოს პირველად, როდესაც მანქანა საბაჟოს გაივლის ქვეყნიდან გასვლის დროს, დაფიქსირდეს ეს წონა და შემდეგ დატვირთული გაზმზიდი რომ დაბრუნდება საქართველოში, აიწონოს ტვირთთან ერთად, გამოაკლდეს მას გასვლის დროს დაფიქსირებული წონა და შედარდეს საბუთში მითითებულ წონასთან.

აღნიშნული განეკუთვნება წონის დადგენას პრაქტიკული მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს გაზმზიდის ავზში მკვდარ ნაშთს დაახლოებით 400-დან 600 კილოგრამამდე და ეს მკვდარი ნაშთი სისტემატურად იმყოფება ცისტერნაში ორთქლოვანი გაზის სახით. სინამდვილეში კი, საბაჟოს თანამშრომლები იყენებენ შერჩევითობას - არ წონიან მანქანას გასვლის დროს და წონიან მხოლოდ დატვირთულებს შემოსვლის დროს. ამ შემთხვევაში ცარიელი ცისტერნის წონის დასადგენად იყენებენ ტექნიკურ პასპორტში დაფიქსირებულ მონაცემებს, რომელშიც მკვდარი ნაშთი ასახული ვერანაირად ვერ იქნება.

აი, ასეთი მეთოდით უფიქსირებს ლარსის საბაჟო გაზმზიდებს მკვდარ ნაშთს არადეკლარილებულ საქონლად და აჯარიმებენ იმპორტიორებს 1 000 ლარით. ჯარიმის გარდა განუსაზღვრელი დროით აჩერებენ მანქანებს საბაჟოზე.

მინდა აღვნიშნო, რომ თხევადი გაზის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი აქვს, მათ შორის, ბირჟაზე ფასების მომატება და სხვა, მაგრამ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, ეს არის პირველ რიგში მოსაგვარებელი", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება თხევადი გაზის სეგმენტს, ანალიტიკოსის შეფასებით, დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურა. საქართველოში არ არსებობს ტექნოლოგიური ინსტრუქციები თხევადი გაზის მიღება/დაცლის/შენახვის/გაცემის და სხვა ოპერაციებთან დაკავშირებით, არ არის დადგენილი ასევე დანაკარგების და სხვა უსაფრთხოების და აღრიცხვიანობის ნორმები რაც უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ უნდა იყოს დადგენილი.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანა მარაგდებოდეს დაბალფასიანი საწვავით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა კვლევამ დაადგინა მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტები. არც ერთი იმპორტიორი არ არის დაინტერესებული, რომ თხევადი გაზი გასამართ სადგურზე ღირდეს 1,25 ლარზე მეტი. ეს არის მაქსიმალური ფასი ამ პროდუქტისთვის, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ბუნებრივი აირისა და ბენზინის ფასთან.

ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას თხევადი გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით და ახლო მომავალში მოგაწვდით არა მარტო გაძვირების მიზეზებს, არამედ გამოსავალზეც ვისაუბრებთ", - დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თხევადი გაზის აქციზი ერთ ტონაზე 120 ლარს შეადგენდა, 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან კი აქციზი 180 ლარით გაიზარდა და 300 ლარი გახდა.

თუკი რამდენიმე კვირის წინ 1 ლიტრი თხევადი გაზი სადგურებზე 1.10 ლარი ღირდა, ახლა ფასი 1,90 ლარს აღწევს. თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა ხოფერიაც ადასტურებს, რომ გაძვირება ლარსის გამშვებ პუნქტზე გადაზიდვების შეფერხებას უკავშირდება.

„ელპიჯი საწვავი რამდენიმე გარემოების გამო გაძვირდა. მათ შორის თხევადი გაზი მომწოდებელმა მხარემ, რუსეთმა გაგვიძვირა და ეს ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. განსაკუთრებით გავლენა იქონია ლარსის გამშვებ პუნქტზე გადაზიდვებთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ, რის გამოც საქართველოში გაზის სიმცირეა. რამდენიმე დღეა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგში უწევთ ყოფნა, ვერ შემოდის პროდუქტი და ამან გამოიწვია პრობლემა", - აღნიშნა ხოფერიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ თხევადი გაზი ძვირდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ამ ტიპის საწვავს მაინც აქტიურად მოიხმარენ. როგორც გაზის ხარისხის ექსპერტი ნოდარ რამიშვილი აღნიშნავს, ვისაც ყოველდღიურად უწევს გადაადგილება, უპირატესობას მაინც ელპიჯის ანიჭებს. რაც შეეხება გაძვირებას, ერთ-ერთ მიზეზად გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს

,,წლების განმავლობაში თხევადი გაზი ბენზინის საუკეთესო ალტერნატივად ითვლებოდა.  ბევრი იყენებდა მას და ასეა ახლაც,  მანქანას რომ შეიძენენ, ყველა ცდილობს, რომ გაზის ბალონი დაამონტაჟოს. აქციზის გადასახადის შემოღებამ ამ საწვავის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, რასაც შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი დაემატა.  შესაბამისად, რუსეთმა თხევადი გაზი გააძვირა. მართალია,  აზერბაიჯანიდანაც შემოდის, მაგრამ მას უფრო ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ, ავტომობილებში - ნაკლებად.

როგორც ცნობილია, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა, სადაც ნავთობპროდუქტების საკითხზეც ისაუბრეს. არ გამოვრიცხავ, ამ პროცესს საწვავის  გაძვირება მოჰყვეს, რაც ბენზინსაც შეეხება. მთლიანობაში, თხევად გაზზე მოთხოვნა გაძვირების პირობებშიც შენარჩუნდება. განსაკუთრებით  დიდძრავიანი ავტომობილები ვისაც ჰყავს, ვინც ტაქსაობს ან დისტრიბუტორად მუშაობს და მთელი დღის განმავლობაში უწევს ავტომობილით გადაადგილება, უპირატესობას მაინც ელპიჯი საწვავს ანიჭებს", - დასძინა ნოდარ რამიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო: resonancedaily.com